იასის საზავო ხელშეკრულება 1791, რუსეთსა და ოსმალეთს შორის ომის (1787–91) დამთავრების შემდეგ ქ. იასიში (რუმინეთი) 1791 წ. 29 დეკემბერს (1792 წ. 9 იანვ.) დადებული ხელშეკრულება.
საზავო მოლაპარაკების საერთო ხელმძღვანელობა რუს. მთავრობისაგან დავალებული ჰქონდა ფელდმარშალ გ. პოტიომკინს. გამოიყო ელჩები (სამოილოვი, დე რიბასი და ლაშქაროვი). საზავო მოლაპარაკების პერიოდში (1789–91) გ. პოტიომკინთან მისული წერილებიდან და იქ მყოფი იმერეთის მეფის ელჩის ბ. გაბაშვილის (იხ. ბესიკი) საქმიანობიდან ნათლად ჩანს, რომ ქართვ. პოლიტ. მოღვაწეები რუსეთზე კვლავაც დიდ იმედებს ამყარებდნენ.
ერეკლე II მოითხოვდა, რომ ოსმალეთს ხელი აეღო არა მარტო ქართლ-კახეთზე, არამედ აზერბაიჯანზეც; რაც მთავარია, მოითხოვდა 1790 ივერიელთა მეფე-მთავრების ტრაქტატის დამტკიცებას რუსეთისა და ოსმალეთის სახელმწიფოების მიერ. 1791 წ. 24 იანვარს მოულოდნელად გარდაიცვალა ბესიკი, ხოლო 5 ოქტომბერს კი – გ. პოტიომკინი. 14 ოქტომბერს რუსეთის დელეგაციას სათავეში ა. ა. ბეზბოროდკო ჩაუდგა, საზავო მოლაპარაკება 30 ოქტომბერს განახლდა, რ-ზეც მან მხოლოდ გაკვრით დასვა ქართლ-კახეთის საკითხი, იმერეთს კი არც შეხებია.
ზავმა აღადგინა ქუჩუქ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულების (1774) პირობები (რასაც იმდროინდელი საქართველოსათვის დადებითი მნიშვნელობა ჰქონდა). ი. ს. ხ-ის მე-5 მუხლი ეხებოდა ქართლ-კახეთის სამეფოს. რუსეთმა ფაქტობრივად აიძულა ოსმალეთი, რომ ქართლ-კახეთის მიმართ რაიმე პრეტენზიებზე ხელი აეღო; კიდევ მეტი, ოსმალეთის მთავრობა პირობას დებდა, რომ სათანადო ბრძანებებს გაუგზავნიდა განაპირა ტერიტორიების ფაშებს, რათა მათ ამიერიდან ქართლ-კახეთის მიმართ „აშკარა თუ ფარული" ბოროტმოქმედებები შეეწყვიტათ. დას. საქართველოს მდგომარეობა ძველებურადვე რჩებოდა – რუსეთი ფაქტობრივად ინარჩუნებდა ორივე ქართ. სამეფოს მფარველის როლს (თუმცა ამ ეტაპზე ურიგდებოდა ოსმალთა ფორმალურ ბატონობას ლიხთიმერეთში).
ი. ს. ხ-მ კვლავაც დაადასტურა, რომ რუსეთის იმპერია ამიერკავკასიაზე ხელს არ აიღებდა.
ლიტ.: მაჭარაძე ვ., ბესიკი დიპლომატიურ სარბიელზე, თბ., 1968; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973.
ვ. მაჭარაძე