იასნოში ვალენტინა ადამის ასული (9. IX. 1924, სანქტ-პეტერბურგი, – 3. VIII. 2011, თბილისი), ენტომოლოგი. ბიოლ. მეცნ. დოქტორი (1977), პროფესორი (1991), საქართვ. ეკოლ. მეცნ. აკად. ნამდვილი წევრი (1995).
1946 დაამთავრა ლენინგრადის სას.-სამ. ინ-ტის მცენარეთა დაცვის ფაკ-ტი. 1953–66 მუშაობდა თბილისში მცენარეთა კარანტინის სამსახურის ლაბორატორიაში მთ. სპეციალისტად. 1966-იდან მოღვაწეობდა საქართვ. მცენარეთა დაცვის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში. 1967 მოსკოვში მიიღო მედალი ბიოლ. კონტროლისათვის საქართველოში. 1976–97 იყო ამავე ინ-ტის ბიოლ. კონტროლის განყ-ბის უფროსი. 1975–2001 მონაწილეობდა საერთაშ. ფორუმებში (მოსკოვი, იაპონია, დიდი ბრიტანეთი, იტალია, ისრაელი, უნგრეთი, მექსიკა) მცენარეთა დაცვის განხრით.
ი-ის სამეცნ. კვლევის ძირითადი მიმართულება იყო სასარგებლო ორგანიზმების ინტროდუქცია და მათი გამოყენება მცენარეთა მავნებლებისა და სარეველების წინააღმდეგ. საქართველოში ი-მ თანამშრომლებთან ერთად სხვადა სხვა ქვეყნიდან განახორციელა სასრგებლო მწერების (როდოლია – Rodolia cardinalis კრიპტოლემუსი – Cryptolaemus montrouzieri და სხვ.) იმპორტი, აკლიმატიზაცია და გამოყენება. გამოიკვლიეს სხვადასხვა აგროცენოზის ენტომოფაუნა, მათი ბუნებრივი მტრები – ენტომოფაგები, დაინერგა მცენარეთა მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის ბიოლ. მეთოდი. კვერცხის პარაზიტი ტრიქოგრამა (Trichogramma evanescens) გამოიყენება სიმინდის ნათესებისა და კომბოსტოს ნარგავების მავნე მწერებთან საბრძოლველად, პათოგენური სოკო აშერსონია (Aschersonia) – მავნებლებისაგან ციტრუსების მიკრობიოლოგიური დაცვისათვის და სხვ. ასევე შემუშავდა ფრთათეთრას პარაზიტი მწერის – ენკარზიას (Encarsia formosa) გამრავლებისა და გამოყენების ტექნოლოგია ბოსტნეული კულტურების დახურული გრუნტის მეურნეობისათვის.
ი. იყო რუს. და საქართვ. ენტომოლოგიური საზ-ბის წევრი. 2012-იდან მისი სამეცნ. კოლექცია დაცულია საქართვ. ეროვნ. მუზეუმში.
ი. ავტორია მრავალი სამეცნ. ნაშრომისა.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: Афелиниды Европейской части СССР и Кавказа (Chalcidoidea Aphelinidae), М.–Л., 1966 (თანაავტ. М. Н. Никольская); Класcификация паразитических перепончатокрылых семейства Aphelinidae (Hymenoptera, Chalcidoidea), ჟურნ.: «Энтомологическое обозрение», т. 55, М.–Л., 1976.
ც. ჩხუბიანიშვილი