იაფეტი, ძველი აღთქმის მიხედვით, ნოეს ერთ-ერთი ძე, რ-იც მამასთან და ძმებთან ერთად გადაურჩა წარღვნას.
ი. და მისი ძმები – სემი და ქამი – იყვნენ მსოფლიოს ხალხთა მამამთავრები. გენეალოგიური ტაბულა ძველ აღთქმაში (დაბ. თ. 10), რ-იც ბაბილონის ტყვეობის შემდგომი დროისაა, ასახავს არა მარტო ძვ. ებრაელთა მიერ გეოგრ. ცოდნას, არამედ მათ პოლიტ., ნაციონალურ თვალსაზრისსაც: ებრაელებს თავი მიაჩნდათ სემის ჩამომავლებად, მათთვის საძულველი ქანაანელები და ეგვიპტელები კი – ქამის ნაშიერებად.
ი-ის ძეთა სახელები (გომერი, მაგოგი, მადაი, იავანი, თუბალი, მეშეხი) აღნიშნავს ხალხებს, რ-ებიც დამკვიდრებული იყვნენ პალესტინის ჩრდ-ით. ზოგჯერ შესაძლებელია ამ სახელების იდენტიფიკაცია ისტ. წყაროებში დადასტურებულ ტომთა სახელებთან. ამ ტომთა ერთი ნაწილი ინდოევრ. ენებზე ლაპარაკობდა. თვით სახელი ი-ც არ არის სემიტური, იგი დაკავშირებული უნდა იყოს ბერძნ. მითოლოგიაში ცნობილი ტიტანის – პრომეთეს მამის, იაპეტის, სახელთან.
ძვ. ქართ. ისტ. წყაროებში ქართველთა წინაპრად მიჩნეულია ი-ის შვილის – თარშის ძე თარგამოსი, რ-ის მეორე შვილი იყო ქართლოსი (ლეონტი მროველის მიხედვით). ი-ის სახელი გამოიყენა ნ. მარმა ე. წ. იაფეტური ენების აღსანიშნავად.
წყარო: ლეონტი მროველი, ცხოვრება ქართველთა მეფეთა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ.1, თბ., 1955.
მ. შანიძე