იაყუბ-ყაენის ლაშქრობანი საქართველოში, XV ს. 80-იან წლებში აყ-ყოიუნლუს თურქმანებმა „საღვთო ომის" საბაბით ორგზის ილაშქრეს საქართველოში.
1482 ოქტომბერში იაყუბ ფადიშაჰი სამცხეში შეიჭრა, ალყა შემოარტყა ახალციხეს, ბრძოლით დაიკავა ქალაქი და დიდი ალაფი წაიღო; მერე თურქმანები აწყურს მიადგნენ. ციხის დამცველები და მაწყვერელი დამორჩილდნენ იაყუბს და აწყურის ციხე ჩააბარეს. ყვარყვარე ათაბაგმა თურქმანებს ხარაჯის მიცემა აღუთქვა.
1487 იაყუბმა თავისი სარდალი ხალილ-ბეგი გაგზავნა საქართველოში. იგი აქ მთელი წელიწადი აშენებდა ციხეებს და ქართველთა რაზმებს ებრძოდა. 1488 ზამთარში თურქმანთა ლაშქარი დედაქალაქისაკენ დაიძრა. ზარბაზნებით აღჭურვილმა მტერმა თავდაპირველად კოჯრის ციხე აიღო, შემდეგ თბილისს მიადგა, მაგრამ მისი დამორჩილება გაუჭირდა. მეფე კონსტანტინე II-მ თურქმანებს ზავი შესთავაზა. მოლაპარაკება უშედეგოდ დამთავრდა და კონსტანტინე იძულებული გახდა დედაქალაქს გასცლოდა.
1489 თებერვალში თურქმანებმა დაიკავეს თბილისი და იქ თავიანთი რაზმი ჩააყენეს.
წყარო: ეგნატაშვილი ბ., ახალი ქართლის ცხოვრება, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959; ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, იქვე, ტ. 4, თბ., 1973; ჰასან რუმლუს ცნობები საქართველოს შესახებ, ვ. ფუთურიძის გამოც., შენიშვნები რ. კიკნაძისა, თბ., 1966.
ლიტ.: კიკნაძე რ., საქართველო-ირანის ურთიერთობის ისტორიიდან XV ს. მეორე ნახევარში, «ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინ-ტის შრომები», 1964, ტ. 7; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 3, თბ., 1979; საქართველოს ისტორია (ოთხ ტომად), ტ. 3, თბ., 2012; ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 4, თბ., 1967.
რ. კიკნაძე