იბერის ძე

იბერის ძე, ეგრესის სამეფოს პირველი ეპისკოპოსი 318-იდან. წარმოშობით კაპადოკიელი ქართველი იყო. V ს. სომეხი ისტორიკოსის აგათანგელოსის გრიგოლ პართელის „ცხოვრების" არაბულ ვერსიაში იგი „იბირ-ბ-ზ-ხუას" სახელით იხსენიება, რაც, ნ. მარის მოსაზრებით, „იბერ სკუას" – იბერის ძის დამახინჯებული გადმოცემაა.

მას შემდეგ რაც კაპადოკიის ეკლესიის მეთაურმა ლეონტი კესარიელმა (დაახლ. 315–325) სომეხთა განმანათლებელი გრიგოლი სომეხთა ეპისკოპოსად აკურთხა, ქ. სებასტიის (ახლანდ. ქ. სივასი თურქეთში) ეპისკოპოსს, პეტრეს სთხოვა ეგრისის ეკლესიის მეთაურად ი. ძე დაესვა ისე „როგორც ამას საეკლესიო კანონები მოითხოვდა". აგათანგელოსის სიტყვით, „ეს ქართველი" იყო „ცხოვრების წესით სამაგალითო, ღვთისმოსავი, საეკლესიო წიგნთა მცოდნე". იგი დიაკონი იყო, როცა ორმოც წამებულთა ნეშტი მოიპოვეს (ქ. კესარეის ტუქსის ბრძანებით ბრძანებით სებასტიელი ქრისტიანები მარტის ყინვიან ღამეს შიშვლები შერეკეს ტბაში და ასე დახოცეს, ძვლები კი დაწვეს და ნარჩენები დამალეს, რათა ქრისტიანებს არ ეპოვათ. 3 დღის შემდეგ ქრისტიანებმა წამებულთა ძვლები იპოვეს და „დაჰკრძალეს ლუსკუმასა").

40 სებასტიელ წამებულთა თვითმხილველმა ი. ძემ ეგრისის ეკლესიის ეპისკოპოსად კურთხევის შემდეგ ეგრისის დედაქალაქ ციხეგოჯში დაიდო ბინა, სადაც IV ს-შივე 40 სებასტიელ წამებულთა სახელზე დიდი ზომის ერთნავიანი ბაზილიკა ააგო. რამდენჯერმე გადაკეთებული ეს ეკლესია დღესაც ძვ. სახელს ატარებს.

ლიტ.: გოილაძე ვ., ეგრისის ისტორიის ერთი ფურცელი, «მნათობი», 1988, №10; მისივე, ქართული ეკლესიის სათავეებთან, თბ., 1991; Марр Н., Крещение армян, грузин, абхазов и аланов святым Григорием, СПб., 1985.

ვ. გოილაძე