იბნ ჰაუკალი

იბნ ჰაუკალი, აბუ ლ-კასიმ იბნ ალი ალ-ნიასიბი (დ. წ. უცნობია – გ. 977 შემდეგ), არაბი გეოგრაფი და მოგზაური. მოიარა მრავალი ქვეყანა ესპანეთიდან ინდოეთამდე.

X ს. შუა ხანებში იყო თბილისში. ავტორია თხზულებისა „წიგნი გზებისა და სახელმწიფოების შესახებ" („ქითაბ ალ-მასალიქ ვა ლ- მამალიქ"). მასში დიდი ადგილი აქვს დათმობილი ფიზ. გეოგრაფიის მონაცემებს, ეკონ. და კულტ. ხასიათის მოვლენებს, ისტ.-ეთნ. მასალებს, აღწერილია სამხრ. კავკასიის ქალაქები; წინამორბედი ავტორებისაგან განსხვავებით ი. ჰ. ვრცლად აგვიწერს თბილისს: „სიდიდით ის მხოლოდ ბაბ ალ-აბვაბს (დერბენდს) ჩამოუვარდება. მას გარს შემოვლებული აქვს ორმაგი თიხის კედელი სამი კარით თავისი კეთილდღეობით აღემატება სხვა მდიდარ სახელმწიფოებსა და ნაყოფიერ ქვეყნებს... ქალაქი წარმოადგენს მნიშვნელოვან სასაზღვრო პუნქტს, იგი მდინარე მტკვარზე მდებარეობს. თბილისში მცურავი წისქვილებია, რომლებიც ფქვავენ ხორბალს. თბილისში უცხოელთათვის უშიშროება და სტუმართმოყვარეობა სუფევს. აქ ყველას, მათთან შემთხვევით მოსულსაც კი მეგობრულად ექცევიან, ვისაც კი ოდნავი გულისხმიერება ან ცოდნა აქვს მეცნიერებისა". აღნიშნავს, რომ თბილისის მუსლიმები იყვნენ სუნიტები. პირველად იხსენიებს თბილისის ყადის.

ლიტ.: სიხარულიძე ე., იბნ ჰაუკალი თბილისის შესახებ, კრ. საქართველოს ისტორიის აღმოსავლური მასალები, წგ. 1, თბ., 1976.

ე. სიხარულიძე