გუნდე, ნასოფლარი ასპინძის მუნიციპალიტეტში, მდ. მტკვრის მარცხ. ნაპირის მაღალ მთიანეთში, ტბის პირას.
მის მახლობლად დგას ერთნავიანი ეკლესია. როგორც ჩანს, ძვ. ქართ. ქრისტ. წესისამებრ ამ ტბაში ხდებოდა ქრისტეს სჯულზე მოქცეულთა ნათლისღება. ძეგლის თავისებურებას წარმოადგენს აღმ. შვერილი ნახევარწრიული აფსიდი და დას. – ნართექსი. ძეგლის გართულებული სტრუქტურა უშუალოდ ერთნავიანი ეკლესიის ფუნქციის გაფართოებასთანაა დაკავშირებული. ეკლესია შიგნით და გარედან ნაგებია სწორ რიგებად ნაწყობი, საშ. ზომის, უხეშად დამუშავებული ბაზალტის ქვებით, ხოლო ფასადის კუთხეებში სუფთად გათლილი მსხვილი ბლოკებია გამოყენებული. გადახურულია კამარით.
კონსტრ. ელემენტები – სატრიუმფო და საბჯენი თაღები, პილასტრები და სხვ. სუფთად გათლილი ქვიშაქვის ბლოკებითაა ამოყვანილი. შესასვლელი ორია – სამხრეთისა და დასავლეთისა. ფასადები სადაა, მოურთველი, მხოლოდ სამხრ. კარის არქიტრავს ამკობს წრეში ჩასმული ბოლოებგაფართოებული ჯვრის გამოსახულება (ბოლნური ჯვარი. ასეთივე ჯვარია ბოლნისის სიონში ).
ძეგლი თარიღდება V ს. II ნახ. – VI ს. I ნახ-ით (ნ. ჩუბინაშვილი). არსებობს სხვა მოსაზრებაც, რ-ის თანახმად ძეგლი განეკუთვნება VIII–IX სს. (ი. ელიზბარაშვილი).
ლიტ.: ჯავახეთი. ისტორიულ-ხუროთმოძღვრული გზამკვლევი, თბ., 2000; Тодриа Т., Чубинашвили Н., Шашианис Самеба, Тб., 1988.