ელექტროენერგეტიკული სისტემა, ენერგოსისტემის შემადგენელი ნაწილი, რომლის დანიშნულებაა ელექტრული ენერგიის წარმოება, გადაცემა და განაწილება ელექტრომომხმარებლებს შორის. ელექტრული ენერგია წყაროდან ელექტრომომხმარებელს მიეწოდება ელექტროგადამცემი ქსელით, რ-იც შეიძლება იყოს საჰაერო ან საკაბელო. ელექტროსისტემა ცვლადი დენის (50 ან 60 ჰც სიხშირის) სამფაზა სისტემას წარმოადგენს. ელექტროსადგურებიდან დიდი მანძილით დაშორებულ მომხმარებლამდე ელექტრული ენერგიის გადაცემა, დანაკარგების შემცირების მიზნით, ხდება მაღალი ნომინალური ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზით (ეგხ). ერთი საფეხურის ნომინალური ძაბვიდან მეორე საფეხურის ნომინალურ ძაბვაზე გადასვლა ხორციელდება ტრანსფორმატორებით. ელექტრული ენერგიის გადაცემისას გამოიყენება დაბალი, საშუალო, მაღალი და ზემაღალი ძაბვის ეგხ. მაღალი ძაბვის ეგხ ქსელი სისტემაწარმომქმნელ ქსელს წარმოადგენს, ხოლო საშ. და დაბალი ძაბვის ეგხ ქმნის მანაწილებელ ქსელებს. საერთო ელექტროქსელზე ელექტროსადგურების მიერთებას და მათ პარალელურ მუშაობას დიდი ეკონ. ეფექტი აქვს: მაღლდება მომხმარებელთა ელექტრული ენერგიით მომარაგების საიმედოობის დონე და ხარისხი; მცირდება სისტემის ჯამური დადგმული სიმძლავრე და, შესაბამისად, მცირდება მშენებლობის ხარჯები, იქმნება უფრო მძლავრი ეკონ. ენერგობლოკების გამოყენების, აგრეთვე ელექტროსადგურებს შორის დატვირთვის ოპტიმალური გადანაწილების შესაძლებლობა; გაადვილებულია ენერგოდანადგარის გეგმურ რემონტში ჩაყენება; ენერგოსისტემის მართვა უფრო მობილურია; მცირდება ელექტრო-მომხმარებელთა შეთავსებული მაქსიმუმი და ა.შ. ელექტრული ენერგიის წარმოება–გადაცემა–მოხმარების ტექნოლ. პროცესი განსაკუთრებული თავისებურებებით გამოირჩევა: 1. ელექტრული ენერგიის წარმოება–გადაცემა– მოხმარება, პრაქტიკულად, დროის ერთსა და იმავე მომენტში ხორციელდება, რაც ნიშნავს, რომ ე. ს-ში მუდამ უნდა სრულდებოდეს აქტ. და რეაქტიულ სიმძლავრეთა ბალანსი. წინააღმდეგ შემთხვევაში სისტემის მდგრადი მუშაობა შეუძლებელია. ეს თავისებურება მოითხოვს, რომ სისტემაში მუდამ გაგვაჩნდეს სიმძლავრის აუცილებელი რეზერვი, რ-იც ენერგოსისტემის ჯამური დატვირთვის 10–12%-ს შეადგენს; 2. ე. ს-ში პროცესები მიმდინარეობს თითქმის სინათლის სიჩქარით, რაც სისტემის საიმედო მუშაობისთვის მოითხოვს სწრაფმოქმედ ავტომატიკას, რ-ის საშუალებით თავიდან ავიცილებთ უეცრად წარმოქმნილი ავარიის შემდგომ განვითარებას; 3. ე. ს-ში წარმოქმნილი ნებისმიერი ხასიათის შეშფოთება მომენტალურად შეიგრძნობა მომხმარებლის მიერ და ნეგატიურად აისახება მისი მუშაობის რეჟიმზე. ეს თავისებურება, მომხმარებელთა კვების საიმედოობის დონის უზრუნველყოფის მიზნით, მოითხოვს ელექტრული ენერგიის წარმოება–გადაცემა– განაწილების ყველა რგოლში ეკონომიკურად მიზანშეწონილ რეზერვს. ე. ს-ში, მისი საიმედო მუშაობისთვის, აყენებენ ავტომ. მოწყობილობებს, რ-ებიც უზრუნველყოფენ სიხშირისა და ძაბვის ნორმალურ დონეს; დიდი შეშფოთებებისას, სისტემის მუშაობის მდგრადობის შენარჩუნების მიზნით, ახორციელებენ ნაკლებად საპასუხისმგებლო მომხმარებლების ავტომ. გამორთვას (ავტომ. განტვირთვა), რეზერვის ავტომ. ჩართვას და სხვ. ავტომ. მოწყობილობათა ჯგუფს განეკუთვნება სისტემაში გამოყენებული რელეური დაცვის მოწყობილობები, რ-თა დანიშნულებაა სისტემაში წარმოქმნილი დაზიანების ადგილის განმხოლოება. სრული ავტომატიზაციის პირობებშიც კი სისტემის მუშაობის მართვაში აუცილებელია ადამიანის ჩარევა. ამ მიზნით შექმნილია ე. ს-ის სადისპეტჩერო სამსახური, რ-საც ევალება მართვის კონტროლი და ზედამხედველობა. სადგურების დატვირთვების, ელექტროგადაცემის ძირითად ხაზებში სიმძლავრეთა გადადინებების, ძირითად დანადგარ-მოწყობილობათა მდგომარეობის საკონტროლოდ და დისტანციური ზემოქმედებისა და რეგულირებისთვის გამოიყენება ტელეინფორმაციის სისტემა (ტელეგაზომვა, ტელესიგნალიზაცია, ტელემართვა და ა.შ.). ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს ე. ს-ში დანერგილია SCADA (სისტემის კონტროლი და მონაცემთა შეგროვება) სისტემა. ე. ს-ში მიმდინარე ყველა პროცესის გაანგარიშებისა და შედეგების ანალიზის ჩატარება ხორციელდება თანამედროვე კომპიუტერული ტექ. გამოყენებით. საქართველოს ე. ს-ში დანერგილია აგრეთვე კომპიუტერულ პროგრამათა კომპლექსი – PSS/E.
გ. მახარაძე