იერემია (ებრ. ირმეთა ჰე „უფალი განადიდებს"), ძველი აღთქმის ერთ-ერთი დიდი წინასწარმეტყველი.
მისი ხანგრძლივი მოღვაწეობა, რ-იც დაახლ. ძვ. წ. 626 დაიწყო, იუდეის სამეფოს დამოუკიდებლობის ბოლო პერიოდს დაემთხვა. იგი თვლიდა, რომ ბრძოლა ბაბილონთან ამაო იყო და იუდეველებს მოუწოდებდა დამორჩილებოდნენ დამპყრობლებს. იერუსალიმის დაცემის შემდეგ (ძვ. წ. 586) ეგვიპტეში წაიყვანეს და იქ გარდაიცვალა.
ი-ს სახელით ცნობილი წიგნი მთლიანად მას არ ეკუთვნის; ტექსტის მოცულობა და თავთა თანამიმდევრობა განსხვავებულია ებრ. ორიგინალში და უძველეს ბერძნ. თარგმანში – სეპტუაგინტაში. ქართული ტექსტი ამ მხრივ ბერძნულს უახლოვდება. არსებობს ი-ს წიგნის რამდენიმე ძვ. ქართ. თარგმანი. ფრაგმენტები შემორჩენილია V–VII სს. ხანმეტ. ტექსტებში.
მთლიანად წიგნი არის ოშკის ბიბლიაში (978). არსებობს მისი წიგნის, სხვა, უფრო გვიანდელი ტექსტებიც (XII ს. „გელათის ბიბლია"). ი-ს სახელიდან, რ-ის გოდებაზე იერუსალიმის დაცემის გამო მოთხრობილია ბიბლიაში, მოდის იერემიადა, მოთქმა, გოდება, ჩივილი, წუწუნი.
ლიტ.: დანელია კ., იერემიას წინასწარმეტყველების ძველი ქართული ვერსიები და მათი მომდინარეობის საკითხი, თბ., 1964; Bentzen A., Introduction to the Old Testament,Cph., 1962.
მ. შანიძე