ივანე დიაკონი, XI ს. ქართველი ოქრომჭედელი. ჩვენს დრომდე მოაღწია მისმა ნამუშევარმა – მარტვილის საწინამძღვრო ჯვარმა.
მხატვრის ვინაობას გვამცნობს ჯვრის უკანა მხარეს, გარე კონტურზე შემოყოლებული წარწერა. ჯვრის ზომაა 55×36 სმ. ფორმით ისეთივეა,როგორიც სხვა ქართ. საწინამძღვრო ჯვრები – ტარზე წამოცმული, უფრო გრძელი ქვემო მკლავითა და თანაბარი ზემო სამი მკლავით; მკლავების ბოლოები ფართოვდება და ყოველ კიდეში ფოთლოვანი ყუნწები აქვს გამობმული. წინა პირზე შუაგულში ჯვარცმული ქრისტეს რელიეფური გამოსახულებაა. ჯვრის განივი მკლავების ბოლოებში გამოსახული არიან თითო ანგელოზი (წელზევით) – მარიამი და შ. იოანე; ზემო მკლავი უჭირავს ყოვლისმპყრობლის ფეხზე მდგომ მთლიან ფიგურას თავთან წელზევით გამოსახული ორი ქრისტე მთავარანგელოზით, ქვემო მკლავი – წვეროსანი წმინდანის მთლიან ფიგურას, ბასილი დიდისა და გრიგოლის წელზევით ფიგურებს. ჯვრის არე ორნამენტითაა დაფარული. ზურგის მხარეს მთელი არე უჭირავს მცენარეულ ორნამენტს (წარწერა არშიაზეა).
ი. დ. ქართ. ოქრომქანდაკებლობის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფეხურის თვალსაჩინო წარმომადგენელია.
ლიტ.: ბერიძე ვ., ძველი ქართველი ოსტატები, თბ., 1967.