გუნდი

გუნდი, მომღერალთა, მგალობელთა, მომღერალ-მოცეკვავეთა კოლექტივი, კრებული, ჯგუფი.

ხმათა რაოდენობის მიხედვით გ. შეიძლება იყოს: ერთხმიანი და მრავალხმიანი, ხმათა შემადგენლობის მიხედვით – ერთგვაროვანი (ვაჟთა, ქალთა, ბავშვთა, ბიჭების, გოგონების) და შერეული (ქალ-ვაჟთა, იშვიათად, ბავშვთა მონაწილეობით). არსებობს ხალხური, თვითმოქმედი, მოყვარულთა, ეთნოგრ., პროფესიული, აკად. გ-ები. მონაწილეთა მინიმუმია 12, მაქსიმუმი – 120 კაცი. სახ. დღესასწაულებზე რამდენიმე გ-ს აერთიანებენ და მომღერალთა რაოდენობა ხანდახან რამდენიმე ათასსაც აღწევს.

ქართ. ხალხ. სიმღერებისათვის დამახასიათებელია ერთგვაროვანი გ-ები: ვაჟთა 2-3, იშვიათად 4-ხმიანი და ქალთა 2, და იშვიათად, 3-ხმიანი. ფუნქციის მიხედვით სხვადასხვა სიმღერაში შემდეგი ხმები მონაწილეობს: მთქმელი-დამწყები, მოძახილი, კრინი, გამყივანი, კრიმანჭული, შემხმობარი („ნადურებში"), მაღალი ბანი, ბანი. სას. საგალობელს ასრულებს 3-ხმიანი გ. – მთქმელი, მოძახილი, ბანი. წერილობითი ცნობებით, არსებობდა 5 და 6-ხმიანი გალობაც (მთქმელი, მოძახილი ანუ მაღალი ბანი, ბანი, დვრინი, ზილი, კრინი).

ძველად მგალობელ-მომღერალთა ან მგალობელ-მროკველთა ჯგუფს ძნობას (სიტყვიდან „ძნა", კრებითობის აღსანიშნავად), მწყობრს, დასს უწოდებდნენ. საგუნდო ნაწარმოები სრულდება დამოუკიდებლად (ა კაპელა) ფორტეპიანოს (უმთავრესად) ან საკრავთა ანსამბლისა და ორკესტრის თანხლებით.

საგუნდო ნაწარმოები შეიძლება იყოს დიდი ფორმის ნაწარმოებთა (ოპერა, ორატორია, ოპერეტა, კანტატა, მესა) ნაწილი, რ-იც გამონაკლისის სახით გვხვდება სიმფონიასა (პირველად ბეთჰოვენის IX სიმფონიაში) და ბალეტში.

ქართ. ხალხ. საგუნდო სიმღერა უპირატესად კაპელით სრულდება. ქართ. პროფ. მუსიკაში ეს სახე XX ს. 10-იან წლებში დამკვიდრდა (ნ. სულხანიშვილის საგუნდო ნაწარმოებები).

ლიტ.: იოანე ბატონიშვილი, კალმასობა, კ. კეკელიძის და ა. ბარამიძის რედ., ტ. 2, თბ., 1948; მაჩაბელი დ., ქართველთა ზნეობა, «ცისკარი», 1864, №5; ჯავახიშვილი ივ., ქართული მუსიკის ისტორიის ძირითადი საკითხები, თბ., 1938; ჯამბაკურ-ორბელიანი ა., ივერიანელების გალობა, სიმღერა და ღიღინი, «ცისკარი», 1861, №1.

მ. ჟორდანია