„ელექტრომექანიკოსი“ (სააქციო საზოგადოება), ელექტროტექნიკური მრეწველობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საწარმო ქუთაისში. ამუშავდა 1946 ქუთაისის მანქანათმშენებელი ქარხანა „მაღაროელის" სახელწოდებით, რ-ის მშენებლობა განპირობებული იყო ქვეყანაში ქვანახშირის მოპოვების გაზრდის აუცილებლობით. საწარმო უშვებდა ქვანახშირის მრეწველობისათვის საჭირო მანქანებსა და მოწყობილობებს: ორმოსმთხრელ მანქანებს, ექსკავატორებს, საჰაერო-საბაგირო რონოდებს, საშახტე ელმავლებს და სხვადასხვა სახის არტეზიულ წყალსაქაჩ ტუმბოებს. 1960-იდან ქ-ნამ დაიწყო ახ. პროდუქციის გამოშვება ნავთობმომპოვებელი საწარმოებისათვის, კერძოდ, ნავთობმომპოვებელი ჩასაძირი ელექტროტუმბოებისა და მისი ამძრავის, ჩასაძირი ელექტროძრავების, აგრეთვე ჩასაძირი წყალსაქაჩი ტუმბოების და 5 ტ ტვირთამწეობის ე ლ ე ქ ტ რ ო ს ა ტ ვ ი რ თ უ ლ ე ბ ი ს წარმოება. ამ პერიოდიდან ქ-ნას შეეცვალა სახელი და ეწოდა „ქუთაისის ელექტრომექანიკური ქარხანა" (ექვემდებარებოდა საკავშირო ელექტროტექნიკური მრეწველობის სამინიტროს). იგი გახდა საბჭ. კავშირში ნავთობამოსაღები მანქანების ერთ-ერთი ძირითადი მწარმოებელი. ქ-ნა უშვებდა აგრეთვე სახ. მოხმარების საყოფაცხოვრებო ტექნიკას – ელექტროგამათბობლებს და წყალსაქაჩ ვიბრაციულ ელექტროტუმბოებს. XX ს. 80-იანი წლებიდან ნავთობმომპოვებელ დანადგარებზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა, რის გამოც შემუშავდა საწარმოს რეკონსტრუქციისა და ტექ. გადაიარაღების სამწლიანი პროგრამა (1980–83), რ-ის განხორციელების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა ქ-ნის სიმძლავრე და გამოშვებული პროდუქციის მოცულობა. ყველა სახის პროდუქცია შეესაბამებოდა იმ პერიოდისათვის მსოფლიოში არსებულ სტანდარტებს და მინიჭებული ჰქონდა ხარისხის უმაღლესი კატეგორია. პროდუქცია საექსპორტო იყო და მსოფლიოს 25 ქვეყანაში იგზავნებოდა. საქართვ. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ პროდუქცია მიეწოდებოდა ძირითადად რუს. ფედერაციის ნავთობსარეწებს და მცირე რაოდენობით – აზერბაიჯანს. ამ პერიოდისათვის საექსპორტო პროდუქციის მოცულობამ გამოშვებული პროდუქციის 90%-ს გადააჭარბა. 1994 „ქუთაისის ელექტრომექანიკური ქარხანა" გარდაიქმნა სააქციო საზ-ბა „ეად". რუს. ფედერაციასთან ეკონ. ურთიერთობების გაწყვეტის გამო 2005-იდან საწარმომ თითქმის შეწყვიტა ფუნქციონირება. მისი პრივატიზების შემდეგ (2008 წ. ივლისი) საკონტროლო პაკეტის (66,7%) მფლობელი გახდა კერძო პირი. მიმდინარეობს ინტენს. მუშაობა წარმოების განახლებისათვის. საწარმოს მიღებული აქვს მრავალი ჯილდო: „ოქროს მზე საუკეთესოს" და „ოქროს გვირგვინი საუკეთესოს" (მექსიკა, ქ. მეხიკო, 1998); „პლატინის ვარსკვლავი" (ესპანეთი, ქ. მადრიდი, 1998); „სამეფო გვირგვინი საუკეთესოს" (მექსიკა, ქ. მეხიკო, 2000); „ოქროს პრიზი" (ესპანეთი, ქ. მადრიდი, 2000).
გ. ქვილითაია