დადვაძე ბონდო იონას ძე

დადვაძე ბონდო იონას ძე (დ. 22. III. 1934, ზესტაფონი), ფოტოჟურნალისტი. საქართვ. ხელოვნების დამს. მოღვაწე (1992), საქართველოს, რუსეთისა და საერთაშ. ჟურნალისტთა ფედერაციის წევრი.

დაამთავრა თბილ. სახელმწ. კონსერვატორიის საორკესტრო ფაკ-ტი (1960), წლების განმავლობაში უკრავდა სახელმწ. სიმფონიურ ორკესტრში. 1959–72 მუშაობდა ფოტოკორესპონდენტად სხვადასხვა მედია საშუალებებში. შემდეგ იყო გაზ. ,,თბილისის" ილუსტრაციის განყ-ბის გამგე (1972–73), საქართვ. მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველობის ფოტოკორესპონდენტი (1972–86), საქართვ. ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის (ფედერაცია) ფოტოსტუდიის დირექტორი, ,,თბილფოტოს" დირექტორი (1973–75), საქართვ. დიზაინერთა ფოტოლაბორატორიის უფროსი (1988–91), „საქინფორმის" ფოტოქრონიკის მთ. რედაქტორი (1991–94).

ავტორია ფოტოალბომისა „ქართველ საზოგადო მოღვაწეთა პორტრეტები ავტოგრაფებით" (2007).

დ-ის პერსონალური ფოტოგამოფენები მოეწყო როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ (მოსკოვი, აშშ, რუმინეთი, მალტა, გერმანია, საბერძნეთი, იაპონია და ა. შ.).

დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1999).