ელია

ელია, ბიბლიური პერსონაჟი, ქართველთა რწმენის მიხედვით, წვიმა-სეტყვისა და ჭექაქუხილის განმგებელი. სახელი შეერქვა ბიბლიური ილია (ელია) წინასწარმეტყველის მიხედვით. ხალხური წარმოდგენით, იგი ცაზე ეტლით დაქრის, ბრმა არის და ზოგჯერ უადგილო ადგილას დაუშენს სეტყვას. ამიტომ, სეტყვის ღრუბელი რომ გამოჩნდებოდა, თოფის სროლასა და ზარების რეკვას ატეხდნენ: ე. გაიგონებს, მიხვდება, რომ აქ სოფელია და გაგვეცლებაო. ე-ს სამსხვერპლო ცხოველია თხა (ციკანი), რაც ამ კულტის წინაქრისტ. წარმომავლობას მოწმობს. ქრისტიანობამ, მიუხედავად ოფიც. ეკლესიის მცდელობისა, ვერ შეძლო ე-ს კულტის მოსპობა და მხოლოდ ზოგიერთი ქრისტ. ელემენტი შესძინა მას. ლეგენდის მიხედვით, ე-ს ხალენი (ტყავის მოსასხამი) უფლის კვართთან ერთად ჩამოუტანიათ საქართველოში. ზოგი წარმოდგენის თანახმად ე. ეშმაკეულია და, როგორც ბრმა და სასტიკი ძალა, სეტყვით ანადგურებს ყანებს, ებრძვის ხატებს და ანგელოზებს, მეხს უშენს მათ „დასაბრძანებელ" მაღალ ხეებს. ამ ოდესღაც ძლიერი ღვთაების სახელობის დღესასწაული – ელიაობა იმართებოდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.