ელიგულაშვილი იოსებ არონის ძე (12. XI. 1890, ქუთაისი, – 20. X. 1952, პარიზი), სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, წარმოშობით ქართველი ებრაელი, ქუთაისის პირველი გილდიის ვაჭრისა და ქველმოქმედის არონ ელიგულაშვილის ოჯახიდან. საშ. განათლება ქუთ. რეალურ სასწავლებელში მიიღო, შემდეგ დაამთავრა მოსკ. კომერციული ინ-ტი და იქვე, ოჯახის კომერც. საქმიანობაში ჩაება. იმ ხანებშივე მიემხრო სოციალ.-დემოკრ. პარტიას. რუს. 1917 რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში. იყო საგარეო ვაჭრობის კომიტეტის, საქართვ. ეროვნ. საბჭოს წევრი და ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. 1919 აირჩიეს დამფუძნებელი კრების დეპუტატად, 1920 იყო საქართვ. ეკონ. აგენტი ევროპაში. ნ. ჟორდანიას მთავრობაში ეჭირა ფინანსთა და ვაჭრობა-ეკონ. მინისტრის მოადგილის პოსტი. 1921 წ. 17 მარტს საქართვ. დემოკრ. რესპ. მთავრობას ემიგრაციაში გაჰყვა. აღსანიშნავია მისი დამსახურება საქართვ. ეროვნ. განძის გადარჩენაში. როგორც ე. თაყაიშვილი იგონებს, როცა იგი ივ. ჯავახიშვილის დავალებით ნ. ჟორდანიასთან მივიდა და ეროვნ. განძის დაღუპვის საშიშროება აცნობა, მთავრობის თავ-რემ მაშინვე გამოაძახებინა ე. და იქვე გაამზადებინა ბრძანებულება ე. თაყაიშვილის განძის მცველად და ე-ის მის თანაშემწედ დანიშვნის თაობაზე. ე. თაყაიშვილი იგონებს, რომ სწორედ ე-ის განსაკუთრებული ორგანიზატორული უნარის წყალობით შევძელით დავალების ბრწყინვალედ შესრულებაო. ე. ემიგრაციაშიც ერთგულად ემსახურებოდა განძის დაცვის საქმეს. ემიგრაციაში ე. აირჩიეს გადახვეწილ ებრაელთა ასოციაციის თავ-რედ, მისი ინიციატივით საქართვ. ემიგრანტული მთავრობა ენერგიულად ჩაება ფაშისტური ტერორისაგან ებრაელთა გადარჩენის საქმეში და ასობით ადამიანის სიცოცხლე იხსნა. ე. ამბობდა: „ბევრი ქართველი დაგვეხმარა ჩვენ ამ საქმეში, ... მაგრამ ყველაზე მეტად ის ქართველი დაგვეხმარა, რ-საც საქართველოს ისტორია ეწოდებაო". დაკრძალულია პარიზში, ბონიოს სასაფლაოზე.
ლიტ.: შ ა რ ა ძ ე გ., უცხოეთის ცის ქვეშ, წგ. 2, თბ., 1993.