ელიზბარაშვილი ელიზბარ შალვას ძე

ელიზბარაშვილი ელიზბარ შალვას ძე (დ. 28. XI. 1946, თელავი), გეოგრაფი. გეოგრ. მეცნ. დოქტორი (1990), პროფესორი (1991). 1969 დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი. 1970–78 მუშაობდა თსუ-ის გეოფიზიკის კათედრაზე, 1978–89 – კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში. 1994-იდან იყო ჰიდრომეტეოროლ. ინ-ტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, კლიმატის მოდელირების ლაბორატორიისა და კლიმატოლოგიის სექტორის გამგე. არის ამავე ინ-ტის კლიმატოლოგიისა და აგრომეტეოროლოგიის განყ-ბის გამგე და თელავის ი. გოგებაშვილის სახ. სახელმწ. უნ-ტის გეოგრაფიის მიმართულების ხელმძღვანელი და სრული პროფესორი. ე-ის მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე შესწავლილია მთის ჰავის ჩამოყალიბების მექანიზმის მრავალი საკითხი, გამოვლენილია საქართვ. კლიმ. რესურსების თავისებურებანი, კავკ. კლიმატის ცვლილების ძირითადი ტენდენციები. კვლევის შედეგები დაინერგა საქართვ. კურორტების დაგეგმარებაში, მშენებლობაში და საფუძვლად დაედო კლიმ. რესურსების ამსახველი მასალის მომზადებას ატლასისათვის – „საქართველოს კურორტები და საკურორტო რესურსები" (მოსკ.,1989; საქართვ. სახელმწ. პრემია). ე-ს გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნ. შრომა (მ. შ. მონოგრაფიები) და სახელმძღვანელო. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2003).

კ. ხარაძე