გურგენის აჯანყება VI ს. 70-იანი წლებისა, ქართლის აჯანყება ირანის წინააღმდეგ გურგენის წინამძღოლობით. გურგენი მოხსენიებული ჰყავს ბიზანტიელ ჟამთააღმწერელ თეოფანეს (არის მოსაზრება, რომ გურგენი იგივე გუარამი უნდა იყოს).
აჯანყება დაიწყო 571 სომხეთში. მალე მას ქართველებიც შეუერთდნენ. აჯანყების მეთაურებმა მფარველობა სთხოვეს კეისარ იუსტინე II-ს (565–578). კეისრის თანხმობის შემდეგ სომხებმა ქ. დვინში გაანადგურეს ირანელთა დამსჯელი ლაშქარი და მოკლეს მისი მეთაური მარზპანი სურენი. ქართველებმა დაამარცხეს ირანელთა სარდალი გოლონმიჰრანი.
აჯანყება ბიზანტია-ირანის ომში გადაიზარდა და ცვალებადი წარმატებით მიმდინარეობდა. 579 ირან. შაჰმა ჰორმიზდ IV-მ თავის მხარეზე გადაიბირა აჯანყების მეთაურები. მან გურგენი ირანზე დამოკიდებულ ქართლის მთავრად ცნო. მართალია, იმხანად ქართლი ირანის მორჩილებისაგან ვერ გათავისუფლდა, მაგრამ აჯანყების პერიოდში წარმოიშვა ქართლის ერისმთავრის ხელისუფლება, რაც ადრინდ. ფეოდ. ქართული სახელმწიფოს შექმნას ნიშნავდა.
ლიტ.: ბ ო გ ვ ე რ ა ძ ე ა., ადრეფეოდალური ქართული სახელმწიფოები VI–VIII საუკუნეებში, წგ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 2, თბ., 1973.
ა. ბოგვერაძე