გურიანთის ნამოსახლარი, ნეოლითური ნამოსახლარი გურიანთის თემის სოფელ ციხისფერდში, მდ. სკურდუმის მარჯვ. ნაპირას, ზ. დ. 25 მ-ზე.
გათხარეს 1963 (ხელმძღვ. – ნ. ბერძენიშვილი). მოპოვებულია კაჟის, რიყის ქვისა და ობსიდიანისაგან დამზადებული საოჯახო, სამიწათმოქმედო, საბრძოლო და სანადირო იარაღი (საფხეკები, საჭრისები, დანები, სახვრეტები, ხელსაფქვავები, სანაყები, სახეხ-სასრესები, ცულები და სხვ.). მრავლად იყო წარმოების ნარჩენები (ნუკლეუსები, ანატკეც-ანატეხები და სხვ.), არათანაბრად გამომწვარი თიხის ჭურჭლის ნატეხები. ზოგი მათგანი შემკულია წიწვისებრი ორნამენტით.
ნამოსახლარზე აღმოჩენილი მასალა ოდიშის, ანასეულისა და კისტრიკის არქეოლ. მონაპოვართა მსგავსია.
ლ. ნებიერიძე