ელის დებულება 1707–09, ვახტანგ VI-ის მიერ შედგენილი ქართული სახელმწიფო სამართლის „დასტურლამალის" ერთ-ერთი (26-ე, სხვა დაყოფით 21-ე) კარი, რ-საც ელის გამოსაღების რიგი ჰქვია. შედგება 18 მუხლისგან და განსაზღვრავს აღმ. საქართველოში სპარსეთიდან ჩამოსახლებული მომთაბარე თურქმანი, ძირითადად, ყიზილბაში, ტომების სოც. და პოლიტ. სტატუსს. იგი მოქმედი კანონი იყო XVIII ს-ში. ე. დ-ის მიხედვით, სხვადასხვა სახელწოდების ელი გაერთიანებული იყო 76 თაბუნში. ყველა თაბუნის ტერიტორიის განსაზღვრა არსებული წყაროების მიხედვით არ ხერხდება. ისტორიკოსმა ი. ლორთქიფანიძემ 76-იდან აღადგინა 28 თაბუნის ადგილმდებარეობა: ალგეთში – 3, ქციის ხეობაში – 6, მტკვრის გაღმა მხარეს – 13, სომხითში – 5 და დაბნისის ხევში – 1. ელის სოც. ორგანიზაცია საქართველოში ყიზილბაშური ტომების სოც. ორგანიზაციის ზუსტი გამეორება იყო.