ელისენი

ელისენი, ე ნ ი ს ე ლ ი, მხარე ფეოდალური ხანის საქართველოში, ისტორიული ჰერეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი. მოიცავდა მდ-ებს ბელაქნისწყალს, გიშისწყალს, ალაზანსა და კავკასიონის ქედს შორის მდებარე მიწებს (XVIII ს. 30-იანი წლებიდან საზღვრის ერთმა მხარემ გიშისწყლიდან ქურმუხისწყალზე გადაინაცვლა, რადგან აქ ამ დროისათვის ძირითადად უკვე ლეკი მოსახლეობა ცხოვრობდა). სახელწოდებას უკავშირებენ მისიონერ ელისეს, რ-იც სომეხი ისტორიკოსის მოვსეს კალანკატვაცის (X ს.) ცნობით, ახ. წ. I ს-ში აღმ. ამიერკავკასიაში ქრისტიანობას ქადაგებდა. როგორც ჩანს, V ს-იდან ე. ჰერეთის საერისთავოს ნაწილი იყო და პოლიტიკურად საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა. VIII ს-ში ერისმთავარი არჩილი ამ ტერიტორიაზე კულტ. აღმშენებლობას ეწეოდა. XI ს-ში, კახეთის საერისთავოებად დაყოფის დროს, ე. მაჭის საერისთავოს შემადგენლობაში მოექცა. XV ს. II ნახევარში კახეთის მეფე გიორგი VIII-მ აქ სამოურავო შექმნა. XVI–XVIII სს-ში ე. კახეთის (XVIII ს. II ნახევარში ქართლ-კახეთის) სამეფოს ერთ-ერთი სამოურავო იყო. XVI ს-იდან ე-ში დაღესტნიდან გადმოსული ლეკი მოახალშენეები დასახლდნენ. მხარის ნაწილობრივმა ეთნ. ცვლილებამ ე-ს არ დაუკარგა ადრინდ. პოლიტ. შინაარსი, იგი კვლავინდებურად ქართვ. მეფეების ხელისუფლებას ემორჩილებოდა. XVII ს. დასაწყისში შაჰ-აბასმა კახეთის სამეფოს ჩამოაცილა ჰერეთის აღმ. განაპირა თემი. ამიერიდან კაკ-ენისელის (ძვ. ჰერეთის) აღმ. ნაწილი კახეთს ჩამოსცილდა და საფუძველი ჩაეყარა შემდეგი დროის – ელისუს სასულთნოს. კახეთში ყიზილბაში ხანების მმართველობის წლებში (1677–1703) მდგომარეობა არსებითად შეიცვალა – როგორც კაკ-ში, ისე ე-ში ლეკი მოახალშენენი უკვე კომპაქტურად სახლდებოდნენ. დაიწყო მკვიდრი ქართ. მოსახლეობის იძულებითი გამაჰმადიანების პროცესი. 1803-იდან ე. ჭარ-ბელაქნის „თავისუფალ თემებთან" ერთად დამოკიდებული გახდა რუს. იმპერიაზე, 1830-იდან კი საბოლოოდ შევიდა მის შემადგენლობაში როგორც ჭარ-ბელაქნის ოლქის (შემდგომ ოკრუგის) ნაწილი. 1921-იდან ისტ. ე. დანარჩენ საინგილოსთან ერთად აზერბაიჯანის ფარგლებშია.

წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.

ლიტ.: გ ვ ა ს ა ლ ი ა  ჯ., თ ო დ რ ი ა  თ., გვიანფეოდალური ხანის კახეთის სამეფოს პოლიტიკური საზღვრები, «საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული », 1971, [ტ.] 4; მ უ ს ხ ე ლ ი შ ვ ი ლ ი  დ., კახეთ-ჰერეთის პოლიტიკური გეოგრაფიის საკითხები XII–XIII სს., იქვე, 1967, [ტ.] 3; პ ა პ უ ა შ ვ ი ლ ი თ., ჭარ-ბელაქანი, თბ., 1972.

ჯ. გვასალია