ელიფსისი (ბერძნ. elleipsis – გამოტოვება, გამოვარდნა), სტილისტიკური ხერხი – წინადადებაში რომელიმე სიტყვის გამოტოვება მისი მხატვრული გაცხოველების მიზნით. ე. მეტყველებას სისხარტესა და ლაკონიურობას ანიჭებს. იგი გავრცელებულია როგორც ზეპირ საუბარში, ისე მხატვრულ მეტყველებაში. ე-ის ნიმუშია „ვეფხისტყაოსნის" სტრიქონები: „ვითა ცხენსა შარა გრძელი და გამოსცდის დიდი რბევა, მობურთალსა – მოედანი, მართლად ცემა, მარჯვედ ქნევა, მართ აგრეთვე მელექსესა – ლექსთა გრძელთა თქმა და ხევა..." გამოტოვებული სიტყვა „გამოსცდის", ტირეთია აღნიშნული.
ა. ხინთიბიძე