ელჩინისა და ზახარიევის ელჩობა

ელჩინისა და ზახაროვის ელჩობა ს ა მ ე გ რ ე ლ ო შ ი 1 6 3 9–4 0, რუსეთის სამეფოს ელჩობა ოდიშის სამთავროში. ელჩობას მეთაურობდა საგარეო საქმეთა საგანგიოს თათრული ენის თარჯიმანი ფედოტ ელჩინი. ელჩობაში შედიოდნენ მღვდელი პავლე ზახარიევი და საგარეო საქმეთა საგანგიოს მწერალი ბაჟენოვი. ე. და ზ. ე. პასუხი იყო ლევან II დადიანის ელჩის, გ. გეგენავას, ვიზიტისა რუსეთში. ელჩები 1639 წ. 2 ივნისს გამოვიდნენ მოსკოვიდან და ამავე წლის 13 ნოემბ. მიაღწიეს ოდიშის სამთავროს. ე. და ზ. ე-ის მიზანი იყო დაეზვერა და შეესწავლა გზა რუსეთიდან ოდიშამდე, შეეგროვებინა ცნობები ამ სამთავროს შესახებ, შეეტყო, რა მდგომარეობაში იყო მართლმადიდებელი ეკლესია. ელჩინს დავალებული ჰქონდა, შესაძლებლობის შემთხვევაში, დაეფიცებინა ოდიშის მთავარი რუსეთის ერთგულებაზე. ოდიშის მთავარმა ლევან II დადიანმა 1640 წ. 27 აპრ. მიიღო ელჩობა. მოლაპარაკება ფორმალური ხასიათისა იყო, რაიმე მნიშვნელოვანი საკითხი ამ ორი ქვეყნის ურთიერთობის შესახებ საერთოდ არც განუხილავთ. ლევან II დადიანი დარწმუნდა, რომ რუსეთი არ აპირებდა აქტ. პოლიტიკის გატარებას შავიზღვისპირეთში და მისგან რაიმე დახმარების მიღება თურქეთის წინააღმდეგ არარეალური იყო. 1640 წ. 22 მაისს ელჩობა ოდიშიდან გაემგზავრა და იმავე წლის 4 დეკ. მოსკოვში დაბრუნდა. ელჩობამ მოსკოვში ჩაიტანა ლევან II დადიანის წერილი, რომლითაც ის სთხოვდა რუს. მეფეს, დახმარებოდა ოდიშის ეკლესია-მონასტრების მოხატვა-გამშვენიერებაში და პირობას დებდა, რომ უახლოეს ხანში ელჩს გაუგზავნიდა. ლევან II დადიანის აუდიენციის მოლოდინში ელჩობას საშუალება მიეცა მოეხილა ოდიშის სამთავროს ტერიტორია. ელჩობის ანგარიშები (ფ. ელჩინმა და პ. ზახარიევმა მუხლობრივი აღწერილობანი ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად შეადგინეს) მნიშვნელოვანი წყაროა ამ პერიოდის ოდიშის ისტორიისათვის.

ლიტ.: Б е л о к у р о в  С. А., Материалы для русской истории, СПб., 1888; Н а к а ш и д з е  Н. Т., Грузино-русские политические отношения в первой половине XVII века, Тб., 1968; П о л и е в к т о в  М. А., Европейские путешественники XIII–XVIII вв. по Кавказу, Тб., 1935.

თ. ბერაძე