გურულები

გურულები, ქართველების ეთნოგრაფიული ჯგუფი. ისტორიული მხარის – გურიის (ახლანდ. ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები) ძირითადი მოსახლეობა. ენა – ქართული, გურული დიალექტი. რელიგია – ქრისტიანული (მართლმადიდებლობა), მცირე ნაწილი იყო მაჰმადიანი (XVIII ს-ში დაიწყო ქვემო გურიის გამაჰმადიანების პროცესი, რ-იც XIX ს. 70 წლებამდე გაგრძელდა). ანთროპოლოგიურად მიეკუთვნებიან შავიზღვისპირულ და დასავლურქართულ ანთროპოლოგიურ ტიპს.

გ., დანარჩენ ქართველებთან ერთად, საერთო ეთნოგენეტიკური წარმომავლობისანი არიან. ეთნ.- ლინგვ. თვალსაზრისით, გ. მიეკუთვნებიან აღმოსავლურქართულ ჯგუფს, რ-იც წარმოიქმნა რთული ეთნოგენეტიკური პროცესის შედეგად უფრო მცირე ერთეულთა შერწყმით. ეთნოგენეზის ხანგრძლივ პროცესში დასაშვებად მიიჩნევენ ცალკეულ ქართვ. ტომთა მიგრაციასა და ინფილტრაციას, რ-შიც არაქართული წარმომავლობის ტომებიც მონაწილეობდნენ.

ისტორიულად გურიის ტერიტორიაზე მოსახლეობა შემოდიოდა გარედან, მაგრამ მიმდინარეობდა მისი გადაადგილება რეგიონის შიგნითაც. მდ. რიონის ქვემო დინებასა და მდ. ჭოროხის შესართავს შორის მდებარე ქვეყანა (ისტ. ლაზიკა, VIII ს-იდან მისი უდიდესი ნაწილი გურიის სახელით მოიხსენიება), პროკოპი კესარიელის (VI ს.) ცნობით, სრულიად დაუსახლებელი ყოფილა. ვარაუდობენ, რომ ადრე აქ მხოლოდ მეგრულ-ლაზური ტომები სახლობდნენ.

გურიის ახ. მოსახლეობა შეიძლება გაჩენილიყო VI ს. შემდგომ, განსაკუთრებით VII–VIII სს-ში. გურიის მერმინდელი მცხოვრებნი ადგილ. მკვიდრნი არ ყოფილან. როგორც ჩანს, გ. და იმერლები აღმ-ით ან სამხრ.-აღმ-ით მეგრელებსა და ლაზებს შორის შეჭრილან. XI–XII სს-ში უკვე ჩამოყალიბებული იყო ქართველთა ეთნოგრ. ჯგუფები, მ. შ. გ-ც „...მსგავსნი იმერთა ზნითა, ქცევითა, სარწმუნოებითა, სჯულითა... ბრძოლასა შინა შემმართებელნი... უძურლალნი, უავაზაკონი... სტუმრის მოყვარულნი და კეთილად შემწყნარენი, კეთილმგალობელნი და მწიგნობარნი" (ვახუშტი).

გ-ის საცხოვრებლის ყველაზე მარტივი სახეობა იყო ფაცხა და ჯარგვალი. ფიცრული სახლის გაჩენის შემდეგ მათ საცხოვრებლის ფუნქცია დაკარგეს და სამეურნ. ნაგებობად იქცნენ. მოგვიანებით სამეურნ. ნაგებობებსაც (სამზადი სახლი, ხულა, ნალია) ფიცრისაგან აგებდნენ. გაჩნდა ოდა სახლი, XIX ს. II ნახევრიდან დაიწყეს „პალატიანი სახლის" შენება.

მამაკაცის გურული კოსტუმი იყო „ჩაქურა", რ-საც ჩოხა-ახალუხის შემოსვლის შემდეგაც ხმარობდნენ. ტანსაცმლის დასამზადებლად ძირითადად ადგილ. ქსოვილს იყენებდნენ. გურული სიმღერები ორიგინალური მრავალხმიანობით გამოირჩევა, ახასიათებს ურთულესი პოლიფონიური ელემენტების კომპლექსი და იმპროვიზაციულობა.

გ-ის ყოფა და რწმენა-წარმოდგენები ძირითადად არ განსხვავდება დანარჩენ ქართველთა, განსაკუთრებით მოსაზღვრე რეგიონის მოსახლეობის (იმერლები, მეგრელები, აჭარლები) ყოფისა და კულტურისაგან, ახასიათებს ლოკალური ეთნოგრ. თავისებურებებიც.

ლიტ.: ბაქრაძე დ., არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში, ბათ., 1987; გურია. კრებული, თბ., 1980; ჟღენტი ს., გურული კილო, ტფ., 1936; ცეცხლაძე გ., გურიის მოსახლეობის საოჯახო ყოფა, თბ., 1991; Марр Н. Я., Из пиренейской Гурии, Тфл., 1927.

გ. ცეცხლაძე