გურჯაანის სახალხო თეატრი

გურჯაანის სახალხო თეატრი, დაარსდა 1953, როგორც გურჯაანის რკინიგზელთა კლუბის დრამატული წრე. 1956 დრამწრე გადავიდა ახლად გახსნილ სარაიონო კულტურის სახლში და დასს სათავეში ჩაუდგა საქართვ. სახ. არტისტი ი. მებურიშვილი (ხელმძღვანელობდა 1968- მდე). პირველ სპექტაკლად წარმოადგინეს ა. ზარდიაშვილის პიესა „ლევან ბატონიშვილი". 1959 დრამ. კოლექტივს სახალხო თეატრის სტატუსი მიენიჭა.

თეატრის რეპერტუარში იყო სპექტაკლები: ო. კურსელის „ორი ჯიბგირი", ბ. ტომას „ჩარლის დეიდა", პ. კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი", ს. მთვარაძის „სურამის ციხე", მ. ბარათაშვილის „ჩემი ყვავილეთი", ს. შანშიაშვილის „იმერეთის ღამეები", შ. კაპანაძისა და ბ. მირცხულავას „შოთა რუსთაველი", გ. ხუგაევის „ჩემი ცოლის ქმარი".

1968–2006 თეატრის ხელმძღვანელია გ. გორხელაშვილი, მხატვარი – ნ. ბაწელაშვილი.

1991–2006 თეატრში დაიდგა სპექტაკლები: ლ. მიტროფანოვის „დანაშაული აღიარა" (რეჟ. ნ. იონათამიშვილი), გ. გოგნიაშვილის „მეცამეტე შეხვედრა" (რეჟ. გ. გორხელაშვილი), გ. ბერიაშვილის „მეხდაცემული კაკალი" (რეჟ. გ. გორხელაშვილი), ა. აბდუმომუნოვის „განაჩენი აღარ გასაჩივრდება" (რეჟ. გ. გორხელაშვილი). მ. მაზნიაშვილისა და დ. თაბორიძის „დედას ბიჭები" (რეჟ. გ. გორხელაშვილი).

2007 სახალხო თეატრმა შეწყვიტა ფუნქციონირება. 2011-იდან გურჯაანის მუნიციპალურ კულტურის ცენტრში (დირექტორი ნ. მამიაშვილი) ჩამოყალიბდა თეატრალური დასი გ. გორხელაშვილის ხელმძღვანელობით.