გურჯი, ქართველის აღმნიშვნელი ეთნიკური ტერმინი არაბულსპარსულ კულტურულ სამყაროში. „გორჯი" (სპარსულად), „ქურჯი" და „გურჯი" (არაბულად) ნიშნავს ქართველს, ხოლო ტოპონიმი „გორჯესტან" (სპარს.), „გურჯისტან" (არაბ.) _ საქართველოს. სპარს. „გორგ" ნიშნავს მგელს (საკულტო-რიტუალური ცხოველი უძველესი დროიდან). აქედან მომდინარეობს მეფე ვახტანგ გორგასლის მეტსახელი - გორგასარ (მგლისთავიანი, ან მგლების მეთაური).
ეს ტერმინი პირველად ფიქსირდება სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე, ისტ. ქართული პროვინციის გუგარეთის სახელწოდებაში, რ-საც ჰეროდოტე „ჰ(გ)ირკანიის" ფორმით იხსენიებს. ძვ. სპარსულ წყაროებში კი „ვრკანა" („მგელთა ქვეყანა"; აქედან მოდის სომხური „ვირკ" და „ვრასტან") ფორმით გვხვდება. შემდგომში ბერძნული „ჰ(გ)ირკანია" სპარსულ ენაში ტრანსფორმირდა „გორგან"- ად, არაბულში – „ჯურჯან"-ად, სირიულ დიალექტში კი – „გურზ", „გურზან"-ად. აქედან წარმოიშვა რუსული ტერმ. „გრუზინი" („გრუზია"), ოსური „გიურძი" („გიურძისტონ").
თავდაპირველად ეს იყო აღმ. საქართველოს (ივერიის) აღმნიშვნელი ტერმინი, მოგვიანებით კი – მთელი ისტ. საქართველოსი.
რაც შეეხება ევროპაში მიღებულ ტერმინებს – გეორგია, ჯორჯია - სავარაუდოდ, ორივე იმავე სპარსულ-არაბულიდან არის წარმოქმნილი და მიწათმოქმედს ნიშნავს. ძვ. ეგვიპტეშიც „გრგ" ძირის შემცველი სიტყვები მიწათმოქმედებასთან არის დაკავშირებული.
„გ-ის" ეტიმოლოგიით იყვნენ დაინტერესებული მ. ბროსე, ი. მარკვარტი, ა. მარიკი, ივ. ჯავახიშვილი, ლ. მელიქსეთბეგი, ი. აბულაძე, გ. დეეტერსი, ვ. მინორსკი, გ. წერეთელი და სხვ.
ლიტ.: აბულაძე იუსტ., ტერმინ „გურჯის" ეტიმოლოგიისათვის, აკად. ნ. მარის სამეცნიერო მოღვაწეობისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებული, თბ., 1934; Пайчадзе Г. Г., Название Грузии в русских письменных исторических источниках, Тб., 1989.
წ. ბაწაში