ემინი იოსებ (1726, ჰამადანი, – 2. VIII. 1809, კალკუტა), XVIII ს. 60-იანი წწ. სომეხთა განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწე. განათლება მიიღო ინგლისში. იგი ინდოეთის სომეხთა სავაჭრო ბურჟ. წრიდან იყო გამოსული და მისი მოწინავე ნაწილის მისწრაფებებს გამოხატავდა; ინდოეთის მდიდარმა სომხ. ბურჟუაზიამ საქართველოსთან ურთიერთობაში თავისი სოც.-პოლიტ. ინტერესების შესაფერისი ცვლილებები შეიტანა. მან დაგეგმა, შეექმნა ბურჟ. ტიპის ქართ.-სომხ. ფედერ. სახელმწიფო, რ-ის არსებობის გარანტია რომელიმე ძლიერი და განვითარებული სახელმწიფოს მფარველობას უნდა უზრუნველეყო. ეს თვალსაზრისი დაედო საფუძვლად ე-ის პოლიტ. პროგრამას, რ-ის რეალიზაციისათვის მხარდამჭერ მფარველებს იგი თავდაპირველად ინგლისში, შემდეგ კი რუსეთში ეძებდა. ე-ის პოლიტ. გეგმების მიმართ ინგლისის პრემიერ-მინისტრი უ. პიტი გულგრილი აღმოჩნდა, რუს. მთავრობა კი მხოლოდ თანაგრძნობით შემოიფარგლა. ე. პეტერბურგში თეიმურაზ II-ის ვიზიტს შეესწრო და იმედი მიეცა, რომ ქართვ. მეფე დაიყოლიებდა რუსეთს კავკასიის ქრისტიანების მფარველობაზე. ე. თეიმურაზ II-ის ხელშეწყობითა და კანცლერ მ. ვორონცოვის სარეკომენდაციო წერილით საქართველოში გამოემგზავრა თავისი პოლიტ. პროგრამის ერეკლე II-თან განსახილველად. ევროპაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე ე. დარწმუნებული იყო, რომ ერეკლე II-ს შეეძლო დამპყრობლებისაგან სომხ. მიწების გამოხსნა. მისი აზრით, ქართ. ხმლისა და სომხ. კაპიტალის შეერთება უზრუნველყოფდა მეზობელი ხალხების დამოუკიდებელ განვითარებას, რისთვისაც საჭირო იყო ბურჟ. ხასიათის ზოგიერთი რეფორმის გატარება. ერეკლე II-თან ე-ის შეხვედრა 1763 აპრილში შედგა. მალე გაირკვა, რომ ე-ს კაპიტალი არ ჰქონდა. ამის გარეშე კი მის ევრ. განმანათლებლურ იდეებსა და რეფორმატორულ წინადადებებს აზრი ეკარგებოდა. მიუხედავად ამისა, ერეკლე II-მ შესაძლებლად მიიჩნია ე-ის საქმიანი კავშირები სომხ. ორგანიზაციებთან ქვეყნის სასარგებლოდ გამოეყენებინა 1764 შემოდგომაზე ოსმალეთთან საომარი მდგომარეობის შექმნისას. მალე ოსმალეთიდან თავდასხმის უშუალო საფრთხემ განვლო, ე. კი თავისი პოლიტ. პროგრამის განსახორციელებლად ჯიუტად ცდილობდა ქართლ-კახეთის სამეფოს ირან-ოსმალეთთან შეჯახებას, რაც ავანტიურის სახეს იღებდა. ე-ის წინააღმდეგ გამოვიდნენ ეჩმიაძინის და თბილისის სომეხი ვაჭრებიც. ამის შემდეგ ერეკლე II-მ „სახიფათო" სტუმარი მალე გაისტუმრა. თავისი თავგადასავალი ე-მა აღწერა ავტობიოგრაფიაში, რ-იც 1792 გამოვიდა ლონდონში (ინგლისურ ენაზე).
თხზ.: The life and adventures of Joseph Emin and Armenian, written in English by himself, L., 1792.
ლიტ.: И о а н н и с я н А. Р., Иосиф Эмин, Ер., 1989.
გ. მაისურაძე