გურჯი იუსუფ-ფაშა (1652– 1713, კ. როდოსი), ოსმალეთის სახელმწიფო მოღვაწე, დიდი ვეზირი, მხედართმთავარი, დიპლომატი, წარმოშობით ქართველი. ბავშვობაში ტყვედ წაუყვანიათ, გაუყიდიათ და იენიჩართა კორპუსში ჩაურიცხავთ.
1702 იენიჩართა ერთ-ერთი ოდის (ნაწილის) უფროსი გახდა. მისი მოვალეობა იყო ნადირობისას სულთნის თანხლება და მომსახურება. გ. ი.-ფ. ჯერ კ. კრეტაზე გაგზავნეს იენიჩართა უფროსად, შემდეგ კი – კ. კვიპროსზე. 1707 პენსიაზე გავიდა, 1710 დააბრუნეს და იენიჩართა აღად (უფროსად) დანიშნეს. 1711 ვეზირის ხარისხი უბოძეს. 1710 წ. 9 ნოემბ. ოსმალეთმა ომი გამოუცხადა რუსეთს, გ. ი.- ფ-მ მონაწილეობა მიიღო პრუტის ლაშქრობაში. 1711 წ. 9 ივნ. იენიჩარებმა მისი მეთაურობით იერიში მიიტანეს რუსების პოზიციაზე და ალყაში მოაქციეს რუს. არმია. 10 ივლ. გ. ი.-ფ-მ დიდ ვეზირს – ბალთაჯი მეჰმედ-ფაშას – მოსთხოვა შეტევის დაწყება, თუმცა პეტრე I-მა დიდძალი ქრთამი გაუგზავნა დიდ ვეზირს და ზავი შესთავაზა. 12 ივლ. დაიდო საზავო ხელშეკრულება. ყირიმის ხანი, შვედეთის მეფე კარლ XII (რ-იც პოლტავასთან დამარცხების შემდეგ თურქეთში ცხოვრობდა) და დიდი ვეზირის სხვა მოწინააღმდეგენი თვლიდნენ, რომ ზავის პირობები არახელსაყრელი იყო ოსმალეთისათვის და ომის განახლებას მოითხოვდნენ.
1711 წ. 9 ნოემბ. ბალთაჯი მეჰმედ-ფაშა გადააყენეს (ცოტა ხნის შემდეგ – სიკვდილით დასაჯეს) და დიდ ვეზირად გ. ი.- ფ. დანიშნეს. 20 ნოემბ. ოსმალთა არმია გ. ი.-ფ-ს მეთაურობით საზეიმო ვითარებაში სტამბოლში დაბრუნდა. სულთანმა მას გამარჯვებულის ტიტული უბოძა. 1711 წ. 9 დეკ. ოსმალეთმა კვლავ ომი გამოუცხადა რუსეთს, თუმცა საზავო მოლაპარაკება გ. ი.-ფ-ს ხელმძღვანელობით გრძელდებოდა და 1712 წ. 9 აპრ. სტამბოლში დაიდო ახ. საზავო ხელშეკრულება. რუსეთი გარკვეულ დათმობაზე წავიდა.
გ. ი.-ფ-ს წინააღმდეგობის მიუხედავად, 31 ოქტ. ოსმ. დივანმა მიიღო რუს.-ოსმ. ომის განახლების გადაწყვეტილება. გ. ი.-ფ. დიდი ვეზირობიდან გადააყენეს. 1713 წ. 24 ივნ. დაიდო ახალი ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულება, რ-იც შედგებოდა 12 მუხლისაგან, მ. შ. 7 მუხლი, შემუშავებული გ. ი.-ფ-ს მიერ, უცვლელად შევიდა სტამბოლის ხელშეკრულებიდან, რაც მის დიდ დიპლ. უნარზე მეტყველებს.
გ. ი.-ფ. კ. როდოსზე გადაასახლეს, შემდეგ კი სიკვდილით დასაჯეს.
ლიტ.: Орешкова С. Ф., Русcко-турецкие отношения в начале XVIII в., М., 1981; Danişmend I. H., Izahli Osmanlι Tarihi Kronolojisi, c. 4, Istanbul, 1961; Mufassal Osmanlι Tarihi, c.4, Ankara, 1963.
მ. სვანიძე