გურჯი მეჰმედ-ფაშა (1556– 1666, ბუდინი), ოსმალეთის სახელმწიფო მოღვაწე, დიდი ვეზირი, ეროვნებით ქართველი. ახალგაზრდობისას დაუტყვევებიათ, მონად უყიდია დიდ ვეზირს კოჯა სინან-ფაშას; სინან-ფაშამ გურჯი მეჰმედი სულთნის სასახლეში მიიყვანა. იგი მალე დაწინაურდა. 1614 ივნ. იგი ჯებეჯიბაშად – ჯებეჯიების კორპუსის (სპეც. გასამხედროებული დაქირავებული სამეურნ. ორგანიზაცია) უფროსად დაუნიშნავთ. ჯებეჯიების კორპუსს, რ-შიც XVII ს. დამდეგს 5730 კაცი იყო გაერთიანებული, ევალებოდა იარაღის დამზადება, შენახვა და განაწილება. მათვე ექვემდებარებოდა იარაღის დამამზადებელი სახელოსნოები.
გ. მ.-ფ. 1615–16 მონაწილეობდა ირანის წინააღმდეგ ლაშქრობაში, შემდეგ მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე. 1621 კი მონაწილეობა მიიღო პოლონეთის წინააღმდეგ მოწყობილ ლაშქრობაში. 1622 დაინიშნა დიდ ამირახორად – სასახლის საჯინიბოს უმაღლეს მოხელედ. 1623 იბრძოდა აჯანყებული აბაზაფაშას წინააღმდეგ. 1625–26 იყო დამასკის, დიარბაქირის ბეგლარბეგი, შემდეგ დააბრუნეს სტამბოლში და დივანი ჰუმაიუნის კუბე ვეზირად დანიშნეს, სადაც 30-იანი წწ. დამდეგამდე დაყო. 1631 ოქტ-იდან იყო არზრუმის ბეგლარბეგი, 1632-იდან – ანატოლიისა. 1635, როცა მურად IV-მ ირანზე გაილაშქრა, ქენან-ფაშას (წარმოშობით ქართველს) დაავალა ახალციხის აღება. 23 დღიანი ალყის შემდეგ ქალაქი აიღეს, სულთნის დავალებით გ. მ.-ფ-მ ახალციხე შეაკეთა, გაამაგრა და დამატებითი გარნიზონი ჩააყენა.
1637 გ. მ.-ფ. კვლავ არზრუმის ბეგლარბეგია, 1638-ში – მარაშის ვალი. იმავე წელს მონაწილეობა მიიღო და თავი გამოიჩინა ბაღდადის აღებაში. 1639 დანიშნეს ანატოლიის ბეგლარბეგად, ერთი წლის შემდეგ კი სტამბოლში დააბრუნეს და კვლავ კუბე ვეზირად დანიშნეს. რამდენიმე წელიწადში ისევ აღმოსავლეთით მოუწია წასვლა. იყო დამასკის, ალეპოს, არზრუმის ვალი.
1649 სტამბოლში დაბრუნდა, 1651 წ. 17 სექტ. დანიშნეს დიდ ვეზირად. ამ დროს იმპერია მძიმე მდგომარეობაში იყო, სახელმწ. საქმეების მართვაში აქტიურად ერეოდა სულთნის დედა. უკვე 90 წელს გადაცილებულმა გ. მ.-ფ-მ თავი ვერ გაართვა საქმეს და 1652 გადააყენეს. ამის შემდეგ იყო ოჰრის სანჯაყბეგი, თემიშვარის ბეგლარბეგი, კ. კვიპროსის მმართველი, ბოლოს – ბუდინის ბეგლარბეგი, სადაც გარდაიცვალა.
წყარო: იბრაჰიმ ფეჩევის ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ, ს. ჯიქიას გამოც., თბ., 1964; მუსტაფა ნაიმას ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ, თარგმანი ნ. შენგელიასი, თბ., 1979; ქათიბ ჩელების ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ, გ. ალასანიას გამოც., თბ., 1978.
ლიტ.: ს ვ ა ნ ი ძ ე მ., საქართველოოსმალეთის ურთიერთობის ისტორიიდან XVI–XVII სს., თბ., 1971.
მ. სვანიძე