ენაგეთი

ენაგეთი (ყოფ. პ ა ტ ა რ ა ე ნ ა გ ე თ ი), სოფელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ასურეთის თემში (ქვემო ქართლის მხარე), თრიალეთის ქედის სამხრ. კალთაზე, მდ. ენაგეთისხევის (ალგეთის მარცხ. შენაკადი) ნაპირას. ზ. დ. 800 მ, თეთრიწყაროდან 21 კმ. 414 მცხ. (2002).

ე. წყაროებში XVI ს-იდან მოიხსენიება. 1523, ბარათაშვილების გაყრისას, სოფელში ყოფილა მათი სასახლე. ე-ში უცხოვრიათ დათონაშვილებს, ასათიშვილებს, ჯანიაშვილებს, თომიაშვილებს, პავლიაშვილებს, ყურშიაშვილებს, ყარაგოზიშვილებს... შემდგომ საუკუნეებშიც ე. ბარათაშვილ- გოსტაშაბიშვილების მამულებში შედიოდა, თუმცა იქ იყვნენ სხვა მებატონეებიც. აღწერილი და დატანილი აქვს რუკაზე ვახუშტი ბატონიშვილს (XVIII ს.). სოფლის ჩრდ.- დას-ით დაახლ. 2 კმ-ზე გვიანდ. შუა საუკ. ძვ. ე-ის ნასოფლარია, სადაც შემორჩენილია 8 საყდარი ნანგრევების სახით. ე-ის მიდამოებში კიდევ რამდენიმე ეკლესიის ნანგრევებია. ერთ-ერთი მათგანის, წმინდა სამების გვიანდ. შუა საუკ. ეკლესიის ირგვლივ XVIII–XIX სს. სასაფლაო და რამდენიმე ქვაჯვარია.

წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, თ. ლომოურის და ნ. ბერძენიშვილის რედ., თბ., 1941; ლორთქიფანიძე  ი., ქვემო ქართლი XVIII საუკ. I მეოთხედში, ნაწ. 1–2, თბ., 1935; მასალები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიისა და ტოპონიმიკისათვის, ტფ., 1914.

ლიტ: ც ი ც ი შ ვ ი ლ ი  ი., მატერიალური კულტურის ძეგლები ქვემო ქართლის ისტორიულ-არქეოლოგიური ექსპედიციის მასალების მიხედვით, «ძეგლის მეგობარი», 1979, N50.