გურჯიცკი (Gurdzicki) ბოგდან (გ. 12. I. 1700, მოსკოვი), პოლონელი დიპლომატი, პოლონეთის მეფის ელჩი და რეზიდენტი ირანის სამეფო კარზე 1676–99. წარმოშობით ქართველი.
მ. თამარაშვილის მოსაზრებით გ-ის გვარი ალავერდიშვილი ყოფილა. ქართ., უცხ. წყაროებსა და სამეცნ. ლიტ-რაში ცნობილია ბუგდან, ბუღდან, ბუღდან-ბეგის სახელით. გ. ქართლის აზნაურთა სოციალურ ფენას ეკუთვნოდა. XVII ს. 40–50-იანი წწ. დასაწყისში საქართველოში იმყოფებოდა და ქართლის მეფის როსტომის ქვეშევრდომი იყო. შესაძლოა, სწორედ მისი საგანგებო დავალებით პოლონეთში მოხვდა. XVII ს. 50-იანი წწ. მიწურულს მონაწილეობდა პოლონეთ-შვედეთის ომებში, როგორც პოლონეთის არმიის უცხოელთა ნაწილის ერთ-ერთი მეთაური, მიიღო როტმისტრის სამხ. წოდება. 1668 საგანგებო მისიით გაგზავნეს ირანში. ელჩობის მიზანი იყო პოლონეთის, რუსეთის და ირანის სამხ. პოლიტ. კავშირის შექმნა ოსმ. წინააღმდეგ, აგრეთვე ვაჭრობის გაფართოება და სხვ. გ. იმავე წლის სექტ. მოსკოვში შეხვდა მეფე ალექსი მიხეილის ძეს, ქართვ. ბატონიშვილ ნიკოლოზს (შემდგომში ერეკლე I), მის დედას – დედოფალ ელენეს და სხვა ქართვ. წარჩინებულებს. გ-მ ირანში მისია წარმატებით შეასრულა, რისთვისაც პოლონეთის სეიმმა მას აზნაურობა (შლიახტიჩობა) უბოძა გერბითა და მამულებითურთ ლენჩიცის მაზრაში.
1675 პოლონეთში დაბრუნდა. 1676 პოლონეთის ხელისუფლებამ გ. ირანში თავის მუდმივ რეზიდენტად დანიშნა. აქ მან 23 წელი დაყო, კავშირი ჰქონდა ქართ. საზოგადოებასთან, მეფეებთან – ვახტანგ V-თან და გიორგი XI-თან, ევალებოდა პოლონეთსა და საქართველოს შორის ეკონ. კონტაქტების დამყარება.
მოსკოვიდან გ-მ და მისმა ძმებმა (ფარსადანი, ნაზარი და მერაბი) საქართველოში ჩამოიტანეს საეკლ. ინვენტარი, მ. შ. ზარები. ერთ-ერთი ზარი საჩუქრად მიართვეს კათოლიკოს-პატრიარქ დომენტი III-ს, რ-მაც იგი ანჩისხატის ახ. სამრეკლოზე დაკიდა. მეფე გიორგი XI-მ ძმებს თბილისში სასახლე უბოძა. 1699 შაჰ ჰუსეინის დავალებით გ. პოლონეთში გაემგზავრა, მაგრამ გზაში გარდაიცვალა. დაკრძალულია მოსკოვში.
ლიტ.: ზ ე დ გ ი ნ ი ძ ე გ., ბოგდან გურჯიცკი დიპლომატიურ ასპარეზზე, თბ., 1983; ცინცაძე ი., მასალები პოლონეთისა და საქართველოს ურთიერთობის ისტორიისათვის (XV–XVII სს.), თბ., 1966.
ფ. სიხარულიძე