ენაგეთის ბრძოლა 1488

ენაგეთის ბრძოლა 1488 ბრძოლა თურქმანთა და ქართველთა ლაშქარს შორის. საქართველოში შემოიჭრა თეთრბატკნიან (აყ-ყოიუნლუს) თურქმანთა ჯარი ხალილ-ბეგის სარდლობით. კოჯრის ციხის აღების შემდეგ თურქმანებმა თბილისს შემოარტყეს ალყა. ქართლის მეფე კონსტანტინე II მდ. ნიჩბისისწყალთან იდგა და ჯარს აგროვებდა. სამცხის მთავარმა და კახეთის მეფემ დახმარებაზე უარი უთხრეს. თბილისთან მდგარმა თურქმანთა სარდალმა მარბიელი ლაშქარი შეუსია ქვემო ქართლს. მომხდურებმა ამოწყვიტეს ორბეთის ძირისა და მთის სოფლები, დადძალი ტყვე და ალაფი ჩაიგდეს ხელთ. სოფ. ენაგეთში იდგნენ სულხან ბარათაშვილი და მისი ძმები, რ-ებიც თავს დაესხნენ მოთარეშე თურქმანებს და სასტიკად დაამარცხეს. გაქცეული მტერი „მისჯარნეს ხევსა ხირხალასა, ასე ხოცა დაუწყეს, ვითა ქათამთა მართუეთა. ხოლო მოსცა ღმერთმან ძლევა ქრისტეანეთა, დახოცეს ურიცხვი... რაცა სიკუდილსა მორჩეს, ხელთა დაიპყრეს". მერაბ ბარათაშვილს დაუტყვევებია ერთი თურქმანი თავადი, რ-იც იაყუბ- ყაენის ნათესავი და უახლოესი პირი ყოფილა. პირველ ბრძოლას ვერ მოუსწრეს ქაიხოსრო ბარათაშვილმა, ჯავახ ჯავახიშვილმა და ქავთარ სოლოღაშვილმა, მაგრამ უკუქცეული მტრის არიერგარდს (ჩაღათაულთ) 20 კაცით შეებნენ. ამ გამარჯვების მიუხედავად, კონსტანტინე მეფეს თურქმანთა ძირითად ჯართან საბრძოლველად ძალა არ ჰყოფნიდა; უშედეგო მოლაპარაკების შემდეგ მეფემ 1489 თებერვალში თბილისი უბრძოლველად გადასცა ხალილბეგს, იაყუბ-ყაენის გარდაცვალების (1490) შემდეგ კი კონსტანტინემ თურქმანები თბილისიდანაც განდევნა და ქართლიდანაც.

წყარო: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959; ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, იქვე, ტ. 4, თბ., 1973.

ლიტ.: კ ი კ ნ ა ძ ე  რ., საქართველო–ირანის ურთიერთობის ისტორიიდან XV ს. მეორე ნახევარში, «ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინ-ტის შრომები», 1963, ტ. 7; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი  ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 4, თბ., 1967; მ ი ს ი ვ ე, თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 3, თბ., 1982.

ნ. ასათიანი