ენგურის ბრძოლა 1856

ენგურის ბრძოლა 1856, ბრძოლა რუსეთ–საქართველოსა და ოსმალეთის ჯარებს შორის 25 ოქტომბერს. ყირიმის ომის 1853–56 დროს მოკავშირეების მიერ სევასტოპოლის აღების (1855) შემდეგ კავკ. და, კერძოდ, საქართვ. სანაპირო ზოლი დაუცველი დარჩა. ამით ისარგებლეს თურქებმა და დიდძალი ჯარი გადმოსხეს ყულევში, ტრაპიზონში, ხოლო 1856 სექტემბერ-ოქტომბერში 36-ათასიანი არმია გადასხეს აფხაზეთში ომერ-ფაშას მეთაურობით, რ-იც მთელი დას. საქართველოს თუ არა, აფხაზეთ-სამეგრელოს ხელში ჩაგდებას ვარაუდობდა. ამავე დროს საქართველოში გამარჯვება მდგომარეობას შეუმსუბუქებდა ალყაში მოქცეულ ყარსის თურქ. გარნიზონს. 1856 ოქტ-ში ოსმალთა ლაშქარი ომერ-ფაშას სარდლობით აფხაზეთიდან სამეგრელოსკენ დაიძრა. მრავალრიცხოვანი მტრის წინააღმდეგ იდგა ე. წ. „გურიის რაზმი" – 7 ბატალიონი და ქართველთა სახალხო ლაშქარი – დაახლ. 5 ათ. კაცი. „გურიის რაზმის" სარდალმა ი. მუხრანბატონმა სცადა გაემაგრებინა გადასასვლელები მდ. ენგურზე (ყველაზე უკეთ იყო გამაგრებული რუხის გადასასვლელი, რ-იც ზუგდიდის გზას კეტავდა). ომერ-ფაშამ იერიში მიიტანა რუხის გადასასვლელზე, მაგრამ ძლიერ წინააღმდეგობას წააწყდა. მაშინ მან მოულოდნელად შეუტია ნაკლებად გამაგრებულ სანარმანიოს გადასავლელს. უთანასწორო ბრძოლაში გამარჯვება ოსმალებს დარჩათ. თურქებმა იერიში მიიტანეს კოკის გადასავლელზეც და გარემოცვის მუქარით რუსებისა და ქართველების გაერთიანებული ჯარი აიძულეს უკან დაეხიათ. ე. ბ-იდან რამდენიმე დღის შემდეგ მუხრანბატონმა საერთოდ დატოვა სამეგრელო და ჯარებს ცხენისწყლის მარცხ. ნაპირთან მოუყარა თავი. სამეგრელო თურქების ხელში დარჩა.

ლიტ.: ბურჭულაძე ე., ყირიმის ომი და საქართველო, თბ., 1960; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 5, თბ., 1970.

დ. კაჭარავა