გიორგი IV ლ ა შ ა (1192 – 18. I. 1223), საქართველოს მეფე 1207–23. თამარ მეფისა და დავით სოსლანის ძე.
1202 თამარმა თანამოსაყდრედ დაისვა და ამ დროიდან მონაწილეობდა სახელმწიფოს მართვასა და ლაშქრობებში. თამარის გარდაცვალების შემდეგ გ. IV ერთპიროვნული მმართველი გახდა. იღვწოდა, რომ განემტკიცებინა მეფის ხელისუფლება, შეენარჩუნებინა სახელმწიფოს მთლიანობა და შემოემტკიცებინა ყმადნაფიცი ქვეყნები, რ-ებიც ცდილობდნენ საქართვ. სამეფოს ვასალობისაგან განთავისუფლებას.
XIII ს. 10-იან წლებში გ. IV-მ გაილაშქრა ვასალის – განძის ათაბაგის წინააღმდეგ. საქართვ. ლაშქარმა განძას ალყა შემოარტყა. ათაბაგი იძულებული გახდა დამორჩილებოდა გ. IV-ს, განძა კვლავ საქართველოს მოხარკედ დარჩა. იარაღის ძალითვე დაიმორჩილა მან გამდგარი ვასალები – ხლათის, არზრუმისა და ნახჭევანის თურქი მფლობელები. 1220 ან 1221 გ. IV დას. ევრ. ქვეყნებთან ერთად პალესტინაში ჯვაროსნული ლაშქრობისათვის ემზადებოდა იერუსალიმის სელჩუკთაგან გასათავისუფლებლად. მაგრამ ამ დროს საქართვ. საზღვრებს მოულოდნელად მონღოლები მოადგნენ და ეს გეგმა ჩაიშალა. გ. IV მონღოლებთან ბრძოლაში (1221 ან 1222) დაიჭრა, დასნეულდა და გარდაიცვალა. სავარაუდოა, რომ დაკრძალეს გელათში.
პირველწყაროები გ. IV-ის შესახებ სხვადასხვა ცნობას გვაწვდიან: ერთნი (ლაშას დროინდელი მემატიანე და სხვ.) მას ახასიათებენ როგორც შესანიშნავ მოღვაწეს, რაინდსა და გონიერ მმართველს, მეორენი (ჟამთააღმწერელი და სხვ.) – როგორც უზნეო და ბეც პოლიტიკოსს. უფრო სანდო პირველი რიგის ცნობებია.
გ. IVის პოლიტიკა ხშირად იწვევდა დიდგვაროვანთა უკმაყოფილებას და მისი უარყოფითი დახასიათებაც ამ ნიადაგზე უნდა გაჩენილიყო. ჟამთააღმწერელი გ. IV-ს ბრალად სდებს, რომ მან მოიშორა თავისი დედის დროს დაწინაურებული დიდებულები და დაიახლოვა ახალგაზრდები – თანამოასაკენი. ეტყობა, მეფე თავიდან იცილებდა არასასურველ მოხელეებს და მათ ახ. ძალებს უპირისპირებდა. მეფეს ბრალად სდებდნენ, რომ მას კავშირი ჰქონდა თავისუფლად მოაზროვნე რინდებთან (იხ. სტ. რინდები), რ-ებიც სუფიზმს იზიარებდნენ, უარყოფდნენ ეკლესიასა და სამღვდელოებას და ღმერთთან ზიარების გზად ექსტაზი და აღმაფრენა მიაჩნდათ.
გ. IV თავისუფალი რწმენისა და აზროვნების ადამიანი იყო. მან თანამეცხედრის არჩევასაც პირადი გრძნობა დაუდო საფუძვლად და მეუღლედ დაისვა ველისციხელი აზნაურის ქალი, ხოლო შემდეგ, როცა ეს ქალი დააშორეს, ცოლი აღარ შეურთავს.
წყარო: ლაშა გიორგის-დროინდელი მემატიანე, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955; ჟამთააღმწერელი, იქვე, ტ. 2, თბ., 1959.
ლიტ.: გ ვ რ ი ტ ი შ ვ ი ლ ი დ., ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან (XIII–XIV სს.), თბ., 1962; კეკელიძე კ., ახალი ლიტერატურული წყაროები ლაშა გიორგის ისტორიისათვის, წგ.: ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, [ტ.] 1, თბ., 1956; კიკნაძე რ., კიდევ ერთი ქართული წყარო ლაშა გიორგის ისტორიისათვის, კრ.: საქართველო რუსთაველის ხანაში, თბ., 1966; ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 3, თბ., 1982 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 3).
შ. ხანთაძე