გიორგი VIII (კახეთში – გ ი ო რ გ ი I), საქართველოს მეფე 1446–66, კახეთისა – 1466–76. ალექსანდრე I დიდის ძე.
მისი მეფობის დროს ძირითადად დამთავრდა საქართველოს ერთიანი ფეოდ. მონარქიის სამეფო-სამთავროებად დაშლის ხანგრძლივი პროცესი. თავდაპირველად სამეფოს ჩამოსცილდა სამცხე-საათაბაგო. დას. საქართველოში გამეფების პრეტენზიით გამოვიდა სამოქალაქოს ერისთავი ბაგრატი (იხ. ბაგრატ VI ), რ-მაც გ. VIII-ს ომი გამოუცხადა. ჩიხორის ბრძოლაში (1463) გ. VIII დამარცხდა. 1465 სამცხის მთავარმა ყვარყვარე II ათაბაგმა გ. VIII ტყვედ ჩაიგდო. ამით ისარგებლა ბაგრატ VI-მ და 1466 თავი საქართველოს მეფედ გამოაცხადა. ტყვეობიდან განთავისუფლებული გ. VIII იძულებული გახდა კახეთში გადასულიყო. აქედან მიეცა დასაბამი კახეთის ცალკე სამეფოდ გამოყოფას.
გ. VIII-ის მეფობისას, 1459, ანტიოსმალური კოალიციის მოწყობის მიზნით ევროპაში ელჩობა გაიგზავნა. ქართვ. ელჩები, ნიკოლოზ თბილელის მეთაურობით, ეწვივნენ რომის პაპს, საფრ. მეფეს შარლ VII-ს (1422–61), შემდეგ მის შვილს ლუი XI-ს (1461–83), თუმცა უშედეგოდ, რადგანაც ევრ. ქვეყნებმა ოსმალეთთან მორიგება არჩიეს. გ. VIII-ის ერთ-ერთი ასული ბიზანტ. იმპერატორზე იყო დანიშნული, მაგრამ 1453 თურქების მიერ კონსტანტინოპოლის აღებამ ეს გეგმა ჩაშალა.
წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.
ლიტ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973; ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 4, თბ., 1982 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 3).
გ. აკოფაშვილი