თიანეთის ქვაბული, ივრის ხეობის გაფართოებული მონაკვეთი თიანეთის მიდამოებში. შემოსაზღვრულია კახეთისა (აღმ-ით) და ქართლის (დას-ით) ქედებითა და მათი შტოქედებით, რ-ებიც ვრცელდება ზ. დ. 1060 მ-იდან 1700 მ-მდე. ქვაბულის ფსკერი ბრტყელი აკუმულაციური ვაკეა, აგებულია ალუვიურ-პროლუვიური მასალით, რ-ის სისქე რამდენიმე ასეულ მეტრს უდრის. ვაკე მიუყვება მდ. იორს და მის შენაკადებს – ქუსნოსა და საგამს. თიანეთთან ქვაბულის ფსკერის სიგრძეა 17 კმ სიგანე – 3–5 კმ. თ. ქ-ის ფერდობები აგებულია ცარცული ასაკის კირქვებით, მერგელებით, ქვიშაქვებით; დანაწევრებულია ხევებით. თ. ქ. მთლიანად შემოსილი იყო შერეული ფართოფოთლოვანი ტყით. ქვაბულის ფსკერი კულტ. მცენარეულობას უჭირავს. ადგილ-ადგილ გვხვდება მეორეული მდელო-ბუჩქნარი.
გ. ჩანგაშვილი