თორაძე ალექსანდრე (ლექსო) დავითის ძე (30. V. 1952, თბილისი, - 11. V. 2022, ქ. საუთბენდი, ინდიანას შტატი, აშშ),მუსიკოსი, პიანისტი. მისი რეპერტუარი მოიცავს სხვადასხვა სტილის ნაწარმოებებს. განსაკუთრებული აღიარება მოიპოვა ვ. ა. მოცარტის, ფ. ლისტის, ს. პროკოფიევის, ს. ი. სტრავინსკის, მ. რაველის, ს. რახმანინოვის და სხვ. ნაწარმოებთა შესრულებით. 2012 თ-მ ჩაწერა ფრანკფურტის რადიოს ორკესტრთან ერთად (დირიჟ. ჰ. იარვი) ს. პროკოფიევის და დ. შოსტაკოვიჩის საფორტეპიანო კონცერტები, რ-მაც მუს. კრიტიკოსთა საყოველთაო მოწონება დაიმსახურა. ს. პროკოფიევის მე-3 საფორტეპიანო კონცერტი აღიარებულია ამ ნაწარმოების საუკეთესო ჩანაწერად. თ. წარმატებით მონაწილეობს ისეთ პრესტიჟულ ფესტივალებში, როგორებიცაა „ჰოლივუდ ბოული", „სარატოგა", „ბლოსომი", „თეთრი ღამეები," ზალცბურგის, როტერდამის, სტრესას, მიკელის, რურისა და ედინბურგის ფესტივალები. თ. თანამედროვეობის ერთ-ერთი გამოჩენილი პიანისტია. მის შესრულებას ახასიათებს მასშტაბურობა, ვირტუოზულობა, არტისტული ტემპერამენტი. თ-მ ქ. საუთბენდში (ინდიანას შტატი) ადგილობრივ უნ-ტში, სადაც იგი (1991-2017) ფორტეპიანოს კათედრის ხელმძღვანელი იყო, დააარსა თ-ის საფორტეპიანო სტუდია, რ-იც აღიარებულია მუს. აღმზრდელობით ცენტრად. აქ ოსტატობას სრულყოფდა არაერთი ქართველი პიანისტი. 2005 თ-მ თავისი სტუდიის წევრებთან და აღზრდილებთან ერთად ფართომასშტაბიანი საკონცერტო გასტროლები გამართა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში.
უკრავს ალექსანდრე თორაძე: https://www.youtube.com/watch?v=q4KGBuOcCn8
თ. სისტემატურად ჩამოდის თბილისში, მართავს კონცერტებს, საქველმოქმედო საღამოებს. მისი სტუდიის წევრები წარმატებით მართავენ კონცერტებს მთელ მსოფლიოში. 2011 მას გადაეცა ინდიანას შტატის გუბერნატორის ჯილდო (ხელოვნების დარგში). 2014-იდან არჩეულია ამავე შტატის ქ. საუთბენდის „დიდების დარბაზის" წევრად.
ლიტ.: ტორაძე გ., გამოჩენილი ქართველი პიანისტი ლექსო თორაძე, ჟურნ. «ხიდი», 2004 №2.
გ. ტორაძე