თორღა, ციხე კახეთში. დღევანდელი მოსახლეობა „თორღვას გალავანს" უწოდებს. მისი ნანგრევები მდებარეობს მდ. სტორის ზემო წელზე, აბანოსა და ნაკოდევის ხევების შესაყართან, კლდოვან მთაზე. ციხესიმაგრის კონტური, მართლაც, ერთ მთლიან გალავანს წარმოადგენს, რ-იც მთის თხემზეა შემოვლებული. აღსანიშნავია შიდაციხე ეკლესიისა სხვა საცხოვრებელი ნაგებობების ნანგრევებით. თ. აკონტროლებდა კახეთიდან თუშეთში გადამავალ გზას. წყაროებში მხოლოდ გვიანდ. საუკუნეებში იხსენიება, მაგრამ თვით ნაგებობა უეჭველად ადრინდ. შუა საუკუნეების ხანისაა. თ. გვიანდ. საუკუნეების კახეთის სამეფოს ერთ-ერთი მთავარი ციხისიმაგრე იყო, რ-შიც სამეფო საგანძური ინახებოდა. 1614 კახეთის დალაშქვრისას თ. აიღო შაჰ აბასმა. ვახუშტის დროს (XVIII ს. პირველი ნახ.) მას ფუნქცია უკვე დაკარგული ჰქონდა.
ლიტ.: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი, თბ., 2013.
დ. მუსხელიშვილი