თრეხვი,სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტის ზემო ხვედურეთის თემში (შიდა ქართლის რეგიონი), თრიალეთის ქედის ჩრდ. კალთაზე მდ. ხვედრულის (მტკვრის მარჯვ. შენაკადი) მარჯვ. ნაპირას. ზ. დ. 1040 მ, ქარელიდან 12 კმ. 2014 აღწერით მუდმივი მოსახლე არ არის. თ-ის ჩრდ.-დას-ით, დაახლ. 400 მ დაშორებით გზის პირას, სასაფლაოზე დგას შუა საუკუნეების ერთნავიანი ეკლესია, რ-იც ძლიერ დაზიანებულია. ნაგებია ნატეხი ქვიშაქვით, კონსტრუქციულად მნიშვნელოვანი ადგილები შირიმის ქვისაა. ეკლესიას გარს არტყია ქვიშაქვის ლოდებით ნაწყობი დაბალი გალავანი. სოფლის დას-ით, განაპირას, შუა საუკუნეების ეკლესიის ნაშთია. სოფლის მახლობლად, მდ. ხვედრულის მარცხ. ნაპირზე, ციცაბო კლდის ქარაფებში, გამოკვეთილია ქვაბთა 4 კომპლექსი. აქედან I, II და III კომპლექსი თ-ის სამხრ.-დას-ითაა, ე. წ. სოროთხევში, და წარწერის მიხედვით XI ს-ით თარიღდება; IV კომპლექსი სოფ. მეხეთის მახლობლად მდებარეობს და V–VI სს-ით თარიღდება. ყოველ კომპლექსში სხვადასხვა რაოდენობის სათავსებია. ქვაბების უმეტესი ნაწილი შემდეგ გადაკეთებული და გაფართოებული ბუნებრივი მღვიმეებია. ფასადები ამოშენებული იყო ქვითკირის კედლებით (ჩამოშლილია), შიგნით სათავსების კლდოვანი ზედაპირი დამუშავებულია, კედლებში დაყოლებულია სარკმლები, საჭრაქეები, ნიშები, თახჩები. ქვაბებში გვხვდება ქვევრები, ხოლო III კომპლექსში – მარანი. იქ, სადაც კლდეში წყალი ჟონავდა, მოწყობილია პატარა წყალსაცავები. I კომპლექსის ერთ-ერთ ქვაბში 1957 აღმოჩნდა (გ. გაფრინდაშვილი) წარწერიანი ქვაჯვარი – ფირუზისფერი ქვიშაქვის სწორკუთხა ფილა, რ-ზეც გამოსახულია აყვავებული ჯვარი. ჯვრის ქვედა მკლავის ძირში, წრიულ კოპზე, ამოკვეთილია თარიღი – ქორონიკონი 1066, ხოლო მის ორივე მხარეს განლაგებული ასომთავრული წარწერის თანახმად ქვაბი აუშენებია ლეონტი მროველს ალფ-არსლანის მიერ საქართველოს აოხრების პირობებში ღვთაების ხატისა და რუისის საყდრისშვილთა თავშესაფრად, "დიდი თურქობის" დროს (XI ს.) – მოსახლეობის თავდასაცავად.
ლიტ.: გაფრინდაშვილი გ., ლეონტი მროველის 1066 წ. სამშენებლო წარწერა თრეხვის ქვაბებიდან, «საქართვ. მეცნ. აკადემიის საზ. მეცნ. განყ-ბის მოამბე», 1961, №1.
ჯ. გვასალია