თუქულთი ნინურტა I, ასურეთის მეფე ძვ. წ. 1245–09. წარმატებით აგრძელებდა წინამორბედთა ბრძოლას მითანის სამეფოს წინააღმდეგ. დაიპყრო ტერიტორიები ჩრდ. შუამდინარეთში, საიდანაც ილაშქრა კიდევ უფრო ჩრდ-ით, ნაირისა და „ზემო ზღვის ქვეყნების" წინააღმდეგ. მანამდე ასურელებს ასე შორს ჩრდ-ით არ ულაშქრიათ. ერთ-ერთ თავის წარწერაში თ. ნ. I ამბობს: „...როდესაც ღვთაება ასურმა ნაირის ქვეყნებზე და ზემო ზღვის ნაპირას (მდებარე) ქვეყნებზე გამგზავნა... ნაირის ყველა ქვეყანა და ზემო ზღვის ნაპირას (მდებარე) ყველა ქვეყანა ჩემმა ხელმა დაიპყრო. მათი 40 მეფე დავიმორჩილე, ჩემს ფერხთ წინაშე დავამხე და ხარკი დავადე". თ. ნ. I-ის კიდევ ერთი წარწერა იხსენიებს ნაირის ქვეყნებისა და (ზემო) ზღვისპირა ქვეყნების 40 მეფეს.
ლიტ.: მელიქიშვილი გ., საქართველოს, კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის უძველესი მოსახლეობის საკითხისათვის, თბ., 1965; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1, თბ., 1970.
ნ. მიწიშვილი