თუშეთის ქვაბული

თუშეთის ქვაბული, მაღალმთიანი გასწვრივი ქვაბული აღმოსავლეთ კავკასიონის ჩრდ. კალთაზე. მოიცავს მდ-ების თუშეთის ალაზნისა და პირიქითის ალაზნის აუზებს. ყოველმხრივ ჩაკეტილია მაღალი ქედებით. თ. ქ. აგებულია ძირითადად იურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. მაკრატელას ქედი მას ორ ნაწილად ყოფს: ჩრდ-ით პირიქითის ხეობაა, ხოლო სამხრ-ით – გომეწრის. თ. ქ-ის ფსკერის აბსოლ. სიმაღლე 1500–1600 მ ფარგლებშია. გაბატონებულია ღრმად დანაწევრებული ეროზიული რელიეფი; კავკასიონის მთავარ ქედზე, პირიქითისა და მაკრატელას ქედებზე გლაციალური რელიეფიცაა. ქვაბულის აღმ. ნაწილში შემონახულია ომალოს, შენაქოსა და დიკლოს რელიქტური ვაკე-პლატოები. თ. ქ-ში მიედინება პირიქითის ალაზანი (შენაკადებით: მარცხ. – ფარსმისწყალი, ჭეშოსწყალი, დიდხევი, ჩიღოსწყალი; მარჯვ.–ლაროვნისწყალი) და თუშეთის ალაზანი (შენაკადებით: მარჯვ. – ბიქურთა, ორწყალი, ხისოსწყალი, მარცხ. – წოვათისწყალი). თ. ქ-ის აღმ. ნაწილში მთავარი მდინარეების და მათი შენაკადების ხეობათა ქვემო კალთები შემოსილია ფიჭვნარ-არყნარი ტყით, ზოგან მხოლოდ ფიჭვნარია. ქვაბულის უდიდესი მაღალი ნაწილი სუბალპ. და ალპ. ბალახმცენარეულითაა დაფარული. თ. ქ. სამანქანო გზით აბანოს უღელტეხილის გავლით უკავშირდება შიდა კახეთს.