თუხარისი, ციხესიმაგრე ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში უძველესი ქართული პროვინციების ტაოსა და კლარჯეთის საზღვარზე; ძვ. ქართ. ტრადიციის თანახმად, თ. საქართვ. ერთ-ერთი უძველესი ციხე-ქალაქია; დააარსა ქართველთა ერთ-ერთმა ლეგენდარულმა ეთნარქმა – ოძრხოსმა. IV ს-ში თ-სა და კლარჯეთს ბიზანტია დაეუფლა. V ს. II ნახევარში თ. კვლავ ქართლის სამეფოს დაუბრუნდა. შემდგომში იგი „ქართველთა საკურაპალატოში" (ტაო-კლარჯეთის სამთავროში) შედიოდა. IX–XI სს-ში თ. იყო ჯაყელთა საგვარეულოს ცენტრი და ერისთავთა რეზიდენცია. საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის (XV ს.) შემდეგ სამცხე-საათაბაგოს ერთ-ერთი ცენტრი გახდა. XVI ს-ში საქართველოს სხვა მიწა-წყალთან ერთად ოსმალეთმა მიიტაცა.
ლიტ.: ჯავახიშვილი ივ., თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. 2, თბ., 1983.
დ. მუსხელიშვილი