ზანავი

ზანავი (დიდი ზანავი), სოფელი ადიგენის მუნიციპალიტეტში (სამცხე-ჯავახეთის მხარე), მესხეთის ქედის სამხრ. კალთაზე, მდ. ქვაბლიანის (ფოცხოვისწყლის მარცხ. შენაკადი) მარცხ. მხარეს. თემის ცენტრი (სოფლები: ზ., გომარო, პატარა ზანავი, წრე). ზ. დ. 1480 მ, ადიგენიდან 4 კმ. 332 მცხ. (2002). ზ. მდებარეობს ისტ. სამცხის ქვაბლიანის თემში. სახელწ. „ზანავი” (იგი სხვაგანაც გვხვდება) ასეთივე ფუძიან სახელებთან ერთად (ზანა, ზანათი, საზანო) ზანური ტომის ნაკვალევი უნდა იყოს. სამცხის ზ. იხსენიება ბასილი ზარზმელის თხზულებაში „სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება”, რ-ის მიხედვით, ამ მხარის დიდი მთავრის – გიორგი ჩორჩანელის „ტაძარნი შენ იყვნეს სანახებსა ჩორჩანისა და ზანავისასა”. ამავე წყაროს ცნობით, გიორგი ჩორჩანელს მამა სერაპიონისთვის უთხოვია მონასტრის (“უდაბნო დიდი და მაღალი”) აშენება არა ზარზმას, არამედ “ადგილთა მას ზანავისათა” უფრო მარჯვე და დამამშვიდებელ გარემოში. სერაპიონის უარის მიუხედავად, ზ-ის ადგილებში მაინც აუგიათ მშვენიერი მონასტერი, რ-ის პირველ აღმშენებლებად ბასილი ზარზმელი ასახელებს ამასპოსა და ქურდიას. გარდაცვალების შემდგომ იქვე დაუკრძალავთ გიორგი ჩორჩანელი, ხოლო მისი საფლავი მოუნახულებია და უკურთხებია სერაპიონ ზარზმელს. ოსმალთაგან დაპყრობილ სამცხეში, „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის” მიხედვით, 1595 ზ. ახალციხის ლივის უდის ნაჰიეში შედიოდა. მაშინ იქ ორი სოფელი ყოფილა: ზემო ზ. ეკლესიითურთ და შუა ზ., ანუ წინ- ზ. ორივე ზ-ში მაშინ 24 კომლი ცხოვრობდა შემდეგი გვარებით: გრიგოლ ჯალიასძე, მახარებელ გრიგოლისძე, მახარებელ ხიზანასძე, გოგიჩა მიქელისძე, თაბუკა ივ ანესძე, ვარძელა გიორგისძე, დემეტრე კავალასძე, იოსებ იასასძე, მიქელ ამირინდოსძე, ტატუნა მიქელისძე და სხვ. მოჰყავდათ ხორბალი, ქერი, ჭვავი, ფეტვი, მუხუდო, ოსპი, ცერცვი, სელის თესლი (ზეთისთვის), ბოსტნეული, ჰყოლიათ ცხვარი, ღორი და ფუტკარი, ჰქონდათ ხილი, კაკალი და იხდიდნენ გადასახადს 8000 ახჩის ოდენობით. 1829 ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულებით, ზ. სამცხესთან ერთად რუს. იმპერიაში შევიდა. 1944 ამ სოფლის მაჰმადიანი ქართველები შუა აზიაში გადაასახლეს და აქ გადმოიყვანეს იმერლები და აჭარლები. ახლა ზ-ში მაცხოვრებელთა გვარებია: ინასარიძე, ხოსრევანიძე, შაინიძე, სურმანიძე, ბერიძე, ზაზაძე, მაისურაძე, გობაძე, ანძაველიძე, ქოჩალაძე, მახარაძე, შავაძე, მარკოიძე, გიორგაძე, გელაძე, კახაძე, ხმალაძე, ლომიძე, თეთვაძე, ნუცუბიძე, კინწურაშვილი, გამცემლიძე და სხვ.

ზ-ში შემორჩენილია ყოველი მხრიდან ციცაბო კლდეზე აღმართული შუა საუკუნეების ციხე. გალავნის კედლები კლდის ნატეხი ქვითა და კირითაა ნაგები. ატყვია გვიანი შეკეთების კვალი. შიდა ციხის ზურგიანი კოშკი სამსართულიანია და წყობაც უფრო რეგულარული, ვიდრე გალავნისა. კოშკს ყოველ მხარეს სამზერები აქვს, მეორე სართულზე – ბუხარიც. სამხრ. კედლის თაღოვანი კარი გადის შიდა ეზოში, სადაც კლდეში ამოჭრილი წყლის საცავია. უფრო სამხრ. არის მეორე კოშკი, რ-შიც ნაეკლესიარის ნაშთია; მის ქვემოთ გალავანთან ზედ მიმდგარი კიდევ ერთი მრგვალი კოშკია. ციხის მცირე ფართობს კლდის თხემი განაპირობებს, მაგრამ ყველაფერს ანაზღაურებს მისი მიუვალობა. საფიქრებელია, აქ იყო გიორგი ჩორჩანელის ერთ-ერთი რეზიდენცია, რ-იც შემდგომ ხანებშიც არაერთხელ აღუდგენიათ. სოფლის უდიდესი ნაწილი ციხის აღმოსავლეთითაა, ღელის გადაღმა. იქ ძვ. ნაეკლესიარზე ახ. ჯამეა აშენებული (1927). ძვ. ეკლესიიდან გადარჩენილია ნახევარსვეტთა პროფილიანი და ღარიანი კაპიტელები, ბრტყელ ქვაზე გამოსახულია ჯვარი რ-იც ორლილვიან ჩარჩოში ზის.

ზ-ის ჩრდ-ით, დაახლ. 2 კმ-ზე, ზანავის ხევის სათავეებში (ძვ. ზემო ზ.), შერეული ტყით გარემოცულ მინდორში მოზრდილი დარბაზული ეკლესიის ნაშთია, რ-იც, სავარაუდოდ, ბასილი ზარზმელის თხზულებაში მოხსენიებული მონასტერი უნდა იყოს. ეკლესიის სამხრ-ით და ჩრდ-ით მინაშენები ჰქონია. კედლების ორივე მხარე გათლილი, მოზრდილი ქვების პერანგით იყო შემოსილი. შესასვლელი დასავლეთიდან აქვს, ხოლო სამხრ. და ჩრდ. კედლებში გაჭრილი კარები მინაშენებში გადიოდა. ეკლესიის ჩამოცვენილი, ჩუქურთმიანი ქვები ორმაგი, გრეხილი ლილვებითაა მოჩარჩოებული. არის ლოტოსის გამოსახულება და წნულჩუქურთმიანი, ტოლმკლავა ჯვარი. ეკლესიას გალავანი ჰქონდა, რ-ის შიგნით და გარეთ სხვა ნაგებობათა ნაშთებია; იქვეა წყაროც. ჩანს, ეკლესია ფუნქციონირებდა შემდგომ ხანებშიც.

წყარო: ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, [წგ.] 1, თბ., 1963; ჯიქია ს., გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, წგ. 2–3, თბ., 1941–58.

ლიტ.: მიქელაძე თ., ძიებანი კოლხეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის უძველესი მოსახლეობის ისტორიიდან (ძვ. წ. II–I ათასწლეულები), თბ., 1974.

დ. ბერძენიშვილი