გიორგი III

გიორგი III. საქართველოს მეფე ბეთანიის ტაძრის მოხატულობა დეტალი XIII ს. დასაწყისი

გიორგი III, (გ. 1184), საქართველოს მეფე 1156–1184, დემეტრე I-ის ძე. მამამ იგი ჯერ თანამოსაყდრედ გამოაცხადა (უფროსი ძის დავით V-ის გარდაცვალებისა და სამეფო ხელისუფლების სათავეში დაბრუნების შემდეგ), მერე კი თავის სიცოცხლეშივე გაამეფა. ასეთი ღონისძიება აუცილებელი იყო, რადგანაც დიდგვარიან ფეოდალებს დავით V-ის ძის, დემნა (დემეტრე) უფლისწულის სახით ჰყავდათ ტახტის პრეტენდენტი ცენტრ. ხელისუფლების წინააღმდეგ საბრძოლველად. გ. III, დავით აღმაშენებლის მსგავსად, აქტ. საშინაო და საგარეო პოლიტიკას ატარებდა. მისი მეთაურობით ქართველები განაგრძობდნენ ბრძოლას სელჩუკიანი თურქების წინააღმდეგ. საქართვ. საზღვრების შემოსამტკიცებლად 1161 გ. III-მ ანისზე გაილაშქრა, ქალაქი აიღო და მისი მართვა-გამგეობა ამირსპასალარ ივანე ორბელს მიანდო, თანაშემწედ კი სარგის მხარგრძელი დაუნიშნა.

1162 ქართველებმა სომხ. ძვ. დედაქალაქი დვინი აიღეს. საქართველოს ასეთმა აქტიურობამ მაჰმადიანთა ამირები აიძულა ქართველებისათვის შეერთებული ძალით შემოეტიათ. საქართველოსაკენ დაიძრნენ ხლათის, დიარბექირისა და არზრუმის მმართველები. გ. III ქართველ-სომეხთა შეერთებული ლაშქრით შეება დამპყრობლებს. მაჰმადიანთა ლაშქარმა უკან დაიხია. ეს გ. III-მ და საქართვ. ლაშქრის მეთაურებმა საბოლოო გამარჯვებად მიიჩნიეს და სიფხიზლე მოადუნეს. ამით ისარგებლეს მოწინააღმდეგეებმა: საქართვ. ლაშქრის დაზვერვა მოახერხეს და მოულოდნელად შეუტიეს ანისს. ქართველებმა სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს. ბრძოლა გაჭიანურდა. ბოლოს, დადებული ზავის თანახმად, ანისის მაჰმადიანი მმართველი საქართვ. მეფის ყმადნაფიცი გახდა.

1167 გ. III-მ ილაშქრა შირვანში თავისი ყმადნაფიცისა და მამიდაშვილის აღსართან (ახსითან) შირვანშაჰის დასახმარებლად (შირვანშაჰს დარუბანდის მხრიდან თავს ესხმოდნენ ჩრდილოკავკასიელები). ქართველთა მხედრობა მივიდა დარუბანდის კარამდე, აიღო ქ. შაბურანი, რ-იც გ. III-მ აღსართანს უწყალობა.

1173-იდან გ. III-ის მცდელობის შედეგად დვინი, ანისი და მათი მიმდებარე მხარეები საქართვ. სახელმწიფოს შეუერთდა, თუმცა ბრძოლა ამ მხარეებისათვის შემდეგაც გრძელდებოდა.

გ. III-ის დროს საქართველოში განსაკუთრებით მომრავლდნენ ე. წ. გლახაკნი და მეკობრენი. ლაშქარს ქონების შეძენის მიზნით უცხო ქვეყნების დაუსრულებელი რბევის სურვილი გაუჩნდა. ქვეყანაში გახშირდა ღალატი და დამპყრობელთა მხარეზე გადასვლა. განსაკუთრებული თავგამოდებით ცენტრ. სამეფო ხელისუფლებას დიდგვაროვანი აზნაურები ებრძოდნენ.

1177 დაიწყო დიდი ამბოხება ამირსპასალარ ივანე ორბელის მეთაურობით. მას გვერდში ედგნენ დიდგვაროვანი ფეოდალები: ივანე ვარდანის ძე, შოთა, ძე ართავაჩოს ძისა, ქავთარ ივანეს ძე და სხვ. ამბოხებულები თითქოსდა დემნა (დემეტრე) უფლისწულის ინტერესებს იცავდნენ (დემეტრეს ცოლად ჰყავდა ივანე ორბელის ქალი). სინამდვილეში კი სამეფო ხელისუფლების შეზღუდვისა და თავიანთი უფლებების გასაფართოებლად იბრძოდნენ. აჯანყება რამდენიმე თვეს გაგრძელდა.

1178 დასაწყისში გ. III-მ შეძლო მისი ჩახშობა. იგი განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდა აჯანყების მოთავეებს: ორბელები სიკვდილით დასაჯეს, დემეტრე უფლისწულს თვალები დასთხარეს და დაასაჭურისეს. გ. III-მ ორბელთა მამულები თავის ერთგულებს უწყალობა, მ. შ. დიდი ნაწილი – ყივჩაყთა გვარდიის უფროსს ყუბასარს , რ-იც მეფემ ორბელთა სამთავრო პატივში აიყვანა და საქართველოს ამირსპასალარად დანიშნა, ხოლო „უგვარო" აზნაურის ნაყმევ აფრიდონს მსახურთუხუცესის თანამდებობა უწყალობა. ორბელთა ამბოხების ჩაქრობის შემდეგ გ. III იძულებული გახდა დაეთმო ეკლესიის მესვეურებისათვის და ეკლესიის შეუვალობის აღდგენის მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა.

1179 მეფემ მეკობრეობის წინააღმდეგ გამოსცა კანონი, რ-იც მკაცრ ზომებს ითვალისწინებდა.

ორბელთა ამბოხების ჩახშობისთანავე, 1178, გ. III-მ საქართვ. სამეფო ტახტზე თანამოსაყდრედ დაისვა თავისი ასული თამარი.

წყარო : ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959; სტეფანოს ორბელიანის „ცხოვრება ორბელიანთას" ძველი ქართული თარგმანები, ე. ცაგარეიშვილის გამოც., თბ., 1978.

ლიტ. : ლ ო რ თ ქ ი ფ ა ნ ი ძ ე მ., საქართველოს შინაპოლიტიკური და საგარეო ვითარება X ს. 80-იანი წლებიდან XI ს. 80-იან წლებამდე, წგ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 3, თბ., 1979; მ ე ტ რ ე ვ ე ლ ი რ., შინაკლასობრივი ბრძოლა ფეოდალურ საქართველოში (XII ს.), თბ., 1973; მ ი ს ი ვ ე, დავით IV აღმაშენებელი, მეფე თამარი, თბ., 2002; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 2, თბ., 1983 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 2).

რ. მეტრეველი