გლაზენაპი სერგეი პავლეს ძე

ს. გლაზენაპი
გლაზენაპის კოშკი აბასთუმანი

გლაზენაპი სერგეი პავლეს ძე [13 (25). IX. 1848, სოფ. პავლოვსკოე, ტვერის გუბ., – 12. IV. 1937, ლენინგრადი], რუსი ასტრონომი. სსრკ მეცნ. აკად. საპატიო წევრი (1929). შრომის გმირი (1932). დაამთავრა პეტერბ. უნ-ტი (1870). კვალიფიკაცია სრულყო პულკოვოს ასტრონ. ობსერვატორიასა და გერმანიაში (1870–78).

1877-იდან მუშაობდა სანქტ-პეტერბ. უნ-ტში (1885–1924 – პროფესორი). გამოიკვლია (1871–82) იუპიტერის თანამგზავრთა მოძრაობა, დააზუსტა აბერაციის მუდმივა, აკვირდებოდა და ითვლიდა (1882– 97) ორჯერად ვარსკვლავებს. XIX ს. 80-იან წწ. დასასრ., როგორც რუსეთის იმპერიის ტახტის მემკვიდრის გიორგი ალექსანდრეს ძის აღმზრდელი, იმყოფებოდა აბასთუმანში, სადაც მცირე ზომის ტელესკოპით აკვირდებოდა მჭიდრო ვარსკვლავთა წყვილებს მისი ინიციატივითა და ხელმძღვანელობით აშენებული კოშკიდან (ე. წ. „გიორგისეული კოშკი", შემდგომში – „გლაზენაპის კოშკი"). გამოქვეყნებულ შედეგებს ყურადღება მიაქციეს სპეციალისტებმა და აბასთუმნი კლიმატი, ასტრონ. კვლევისათვის ხელსაყრელი ატმ. პირობების თვალსაზრისით, მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ აღიარეს. გ. წლების განმავლობაში იყო რუსეთის ასტრონ. საზ-ბის ერთ-ერთი ორგანიზატორი და მისი თავ-რე.