გრავიურა,(ფრანგ. gravure) 1. მყარი მასალის ფირფიტაზე ამოჭრილი (თუ სხვა გრაფ. ხერხით გამოსახული) ნახატის ანაბეჭდი ქაღალდზე ან მსგავს მასალაზე; 2. გრაფიკის სახე, რ-იც მოიცავს მყარი მასალის ფირფიტის გრაფ. დამუშავების მრავალრიცხოვან ხერხს და ამ ფირფიტაზე შესრულებული ნახატის ანაბეჭდის მიღებას.
გ-ს მიაკუთვნებენ ხშირად ლითოგრაფიასაც, თუმცა მისი შექმნა არ არის დაკავშირებული გრავირების პროცესთან. გ-ს იყენებენ წიგნებისა და ალბომების გასაფორმებლად (ილუსტრაციები, შრიფტი და სხვ.), ესტამპის, ლუბოკის, ექსლიბრისის შესაქმნელად და ა. შ. მისი მხატვრული გამომსახველობისათვის მიმართავენ ხელოვნ. ისეთ ხერხებს, როგორიცაა კონტურული ხაზი, შტრიხი, ლაქა, ტონი და ზოგჯერ ფერი. გ-ის თავისებურებაა მისი ტირაჟულობა – დიდი რაოდენობით ერთნაირი ხარისხის ანაბეჭდის მიღების შესაძლებლობა. გრავიურის ტიპები არსებობს ამობურცული და ჩაღრმავებული გ. ამობურცული გ-ის შექმნისას ფირფიტის ნაწილი, რ-იც ნახატისაგან თავისუფალია, 2–5 მმ ღრმავდება. ნახატი რელიეფური ხდება, საღებავით იფარება და მისი ანაბეჭდი ქაღალდზე გადააქვთ. ამობურცულ გ-ს მიეკუთვნება გ. ხეზე (ქსილოგრაფია) და ლინოლეუმზე (ლინოგრავიურა), აგრეთვე რელიეფური გ. ლითონზე (საჭრეთლით სპილენძის, თითბრის, კალის ან ტყვიის დამუშავება). ტექნიკის მხრივ ქსილოგრაფია ემსგავსება ლინოგრავიურას, მაგრამ იგი უფრო კონტრასტულია და უფრო დიდი და არათანაბარი შტრიხებითაა შესრულებული. ჩაღრმავებული გ-ის დასამზადებლად ნახატს ლითონის ფირფიტაზე აღრმავებენ მექან. ან ქიმიური საშუალებებით (მჟავით ამოჭმა). ჩაღრმავებულ ადგილებში ტამპონით შეაქვთ საღებავი, შემდეგ ფირფიტას დასველებულ ქაღალდს ადებენ და საბეჭდი დაზგის ლილვებს შორის ატარებენ. არსებობს კვეთილი გ. (ლითონის ზედაპირზე შტრიხებით იკვეთება ხაზები), ოფორტი (მჟავაგამძლე ლაქით დაფარულ ზედაპირზე საგრავიურო ნემსით ნახატის ამოკაწვრა) და გ. მშრალი ნემსით (ნახატის სუფთა ფირფიტაზე ამოკაწვრა). ყველა ეს სახე იძლევა ფსიქოლ. ნიუანსების, მოძრაობის, სინათლისა და სივრცის გადმოცემის საშუალებას.
ფერმწერებს, მოქანდაკეებს, არქიტექტორებს მუდამ იზიდავდა გ-ის მხატვრული გამომსახველობის შესაძლებლობები. მრავალგვარი ტონალური ელფერის მიღწევა შეიძლება აკვატინტის, პუნქტირული მანერის, ლავისის, მეცო-ტინტოს ხერხებით. ფანქრის მანერითა და რბილი ლაქით გ. ფანქრით ნახატის იმიტაციას იძლევა. ორივე სახის გ. შეიძლება ფერადი იყოს. XV ს-იდან გრავიორები თავიანთ ნამუშევარს ხელწერას ან მონოგრამას ურთავდნენ. მოგვიანებით გაჩნდა ლათ. აღნიშვნის სისტემა (უმთავრესად შემოკლებული): invenit – ჩავიფიქრე, კომპოზიცია შევქმენი; fecit – შევასრულე; pinxit – დავწერე (სურათი, საიდანაც შესრულებულია გ.); sculpsit – ამოვჭერი; delinedvit – დავხატე; excudit – გამოვეცი. განვითარების ისტორია გ-ის წარმოშობა დაკავშირებულია ხელოსნობის ისეთი დარგების განვითარებასთან, რ-ებიც გ-ის სხვადასხვა სახეს იყენებდნენ: ქსილოგრაფია – ჩუქურთმების ჭრასთან, კვეთილი გ. – საიუველირო საქმესთან, ოფორტი – იარაღის მოვარაყებასთან. ანაბეჭდის მისაღებად ქაღალდი პირველად ჩინეთში გამოიყენეს (გ-ები აქ მოხსენიებულია VI–VII სს-ებიდან, პირველი დათარიღებული გ. კი – 868-იდან). ქაღალდზე ანაბეჭდი გ. ევროპაში შუა საუკ. არის ცნობილი. მას ინტენსიურად იყენებდნენ აღორძინების ეპოქაში. ევრ. ქსილოგრაფების მიერ რელიგ. თემაზე შესრულებული პირველი სურათები XIV–XV სს-ებში გაჩნდა. 1430 შეიქმნა „ბლოკური" („ქსილოგრაფიული") წიგნები. დაახლ. 1461 დაიბეჭდა პირველი ანაწყობი წიგნი, რ-იც ხეზე შესრულებული გ-ებით იყო ილუსტრირებული. საფრანგეთში „ჟამნის" გასაფორმებლად იყენებდნენ გ-ს ლითონზე.
XVI ს. იტალიაში ჩამოყალიბდა წიგნის გ-ის ორი მიმდინარეობა: ფლორენციაში დიდი ყურადღება ექცეოდა ორნამენტს, ვენეციასა და ვერონაში – მკაფიო ხაზებს. კვეთილი გ. XV ს. 40-იან წლებში 141 აღმოცენდა სამხრ. გერმანიასა ან შვეიცარიაში. XV ს-ში გერმ. ანონიმი ოსტატები და მ. შონგაუერი მიმართავდნენ წვრილ პარალელურ დაშტრიხვას. იტალ. მხატვრები ა. პოლაიოლო და ა. მანტენია პარალელური და ურთიერთგადამკვეთი დაშტრიხვით ქმნიდნენ მოცულობით გამოსახულებას, სკულპტურულ ფორმებს. აღორძინების ოსტატების ძიებები დაასრულა ა. დიურერმა, რ-მაც გერმ. გ-ის შტრიხების სინატიფე შეუთავსა იტალ. აზრის სიღრმესა და პლასტიკურობას. XVI ს-ში იტალიაში საფუძველი ჩაეყარა სარეპროდუქციო კვეთილ გ-ს. ამავე საუკუნეში რუსეთში, ჩეხეთში, ლიტვასა და უკრაინაში მესტამბეთა (ფრანცისკ სკორინა, ივანე ფიოდოროვი, პეტრე მსტისლავეცი და სხვ.) მოღვაწეობის შედეგად გაჩნდა წიგნის ქსილოგრაფია. XVII ს-ში რუსეთში გავრცელდა გ. ლითონზე.
XVIII ს-ში სარეპროდუქციოდ იყენებდნენ ოფორტს, მეცო-ტინტოს, აკვატინტას, ლავისს, ფანქრის მანერას (ლ. ფ. დებიუკური, ა. ვატო, ო. ფრაგონარი, ჯ. ბ. ტიეპოლო, ჯ. ა. კანალეტო, უ. ჰოუგართი, დ. ნ. ხოდოვიეცკი, ჯ. ბ. პირანეზი). XVIII ს. I ნახ. რუსეთში კვეთილი გ-ით ასრულებდნენ ბატალურ სცენებს, პორტრეტებს, ქალაქის ხედებს (ა. ზუბოვი, ი. სოკოლოვი, მ. მახაევი). XVIII ს. იაპონური ქსილოგრაფიის აყვავების ხანაა (შემოვიდა ჩინეთიდან). იმ საუკუნის დამლევის უდიდესი ოსტატები იყვნენ კიტაგავა უტამარო და ტესიუსაი სიარაკუ. XIX ს. ესპანეთში შეიქმნა უდიდესი მხატვრული ღირებულების გ-ები. ამ დროს ჭარბობდა სარეპროდუქციო ტორცული გ. ხეზე (XVIII ს. 80-იან წლებში გამოიგონა ინგლ. ტ. ბიუიკმა). ოფორტის აღორძინებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ჟ. ფ. მილეს, კ. კოროს, შ. ფ. დობინის, ტ. შევჩენკოს, ი. შიშკინს, ი. რეპინს, ვ. სეროვს. XIX–XX სს. მიჯნაზე თავიანთ ოფორტებში სოც. და ფილოს. შინაარსი შეჰქონდათ სიმბოლისტებსაც და რეალიზმის წარმომადგენლებსაც. XIX ს. 90-იან წლებში აღორძინდა ორიგინ. დაზგური და წიგნის ქსილოგრაფია. ახ. გზები დასახა პ. გოგენის გ-ებმა. ხაზის, ფერისა და სილუეტის გამომსახველობა ახლებურად აჟღერდა პ. პიკასოს, ა. მატისის, რ. დიუფის ნამუშევრებში. შესამჩნევად გამდიდრდა ტექნიკა. გრავიურა საქართველოში საქართველოში XIX ს. II ნახევარში ხეზე კვეთილ გ-ს (ქსილოგრაფიას) საფუძველი ჩაუყარა გ. ტატიშვილმა. მის მიერ დაარსებულ საგრავიურო სახელოსნოში ბეჭდავდნენ დასურათებულ წიგნებს. გ-ის ტექნიკა განსაკუთრებით აღორძინდა XX ს-ის ქართ. ხელოვნებაში. ამ პერიოდის მხატვრობაში მრავალფეროვნად აისახა ხალხის ცხოვრება, ქვეყნის განვითარების ძირითადი ეტაპები. საფუძველი ჩაეყარა ახ. ტენდენციებს. განვითარდა ქსილოგრაფია (ვ. ქუთათელაძე , ვ. გრიგოლია, დ. გაბაშვილი და სხვ.); გაიზარდა ოფორტის როლი. ამ ტექნიკის გამოყენებით საყურაღებო ნამუშევრები შექმნეს დ. ე. ქუთათელაძემ, ვ. ა. კეშელავამ, ა. ნაცვლიშვილმა, ლ. შენგელია-აბაშიძემ, ნ. ცინცაძემ, ლ. ა. ზამბახიძემ, ც. ტერელაძემ, ნ. ჭურღულიამ და სხვ. ესტამპის განვითარებაში მნიშვნელოვანი ღვაწლი მიუძღვით დ. ნოდიას, რ. გ. თარხანმოურავს . 50–60-იანი წლებისათვის განსაკუთრებით გაიზარდა ინტერესი ლინოგრავიურისადმი (დ. ნოდია, რ. თარხან-მოურავი, თ. ყუბანეიშვილი, ზ. დეისაძე, ჯ. ლოლუა, გ. ა. ქუთათელაძე , ო. ჯიშკარიანი და სხვ.). დღეისათვის საქართველოში გ-ის ყველა სახეა განვითარებული, მათ შორის სერიგრაფია (ნ. ფერაძე, ი. გიგოშვილი, ლ. შენგელია-აბაშიძე და სხვ.).
ლიტ.: გ ო რ დ ე ზ ი ა ნ ი ბ., ქართული საბჭოთა გრაფიკა, თბ., 1952; უ რ უ შ ა ძ ე მ., პირველი ქართველი გრავიორი გრიგოლ ტატიშვილი, თბ., 1953; Г о р д е з и а н и Б., Грузинская графика, Тб., 1963.
ა. ჩხარტიშვილი