გიორგი II

გიორგი II-ის მონეტა ვერცხლი XI ს. ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი თბილისი

 

გიორგი II, 922–957, კონსტანტინე III-ის ძე. მეფობის პირველ წლებში სამეფო ტახტს ნახევარძმა ბაგრატი ეცილებოდა. გ. II-ის ხელისუფლება მხოლოდ ბაგრატის გარდაცვალების შემდეგ განმტკიცდა. მან დაიკავა შიდა ქართლი, რ-ის ერისთავადაც თავისი უფროსი შვილი კონსტანტინე დანიშნა. ქართლის აზნაურების მხარდაჭერით კონსტანტინე, რ-საც გამეფება სურდა, მამას აუჯანყდა. გ. II-მ აჯანყება ჩააქრო, კონსტანტინე სიკვდილით დასაჯა და ქართლის ერისთავად თავისი მეორე ძე ლეონი (შემდეგ მეფე ლეონ III ) დასვა. გ. II-ის დროს აფხაზთა სამეფომ პოლიტ. ძლიერების მწვერვალს მიაღწია. X ს. 20-იან წლებში გ. II კახეთში შეიჭრა და შეიპყრო ქორეპისკოპოსი კვირიკე II, რ-მაც ცნო აფხაზთა მეფის უფლებები კახეთზე. გ. II-მ კვირიკე II გაათავისუფლა. გ. II-ის გაძლიერების მოწინააღმდეგე ქართლისა და კახეთის აზნაურთა დახმარებით კვირიკე II-მ დაიბრუნა კახეთი. 957 გ. II-მ კახეთის დასაპყრობად ლაშქარი გაგზავნა თავისი შვილის ლეონის წინამძღოლობით, მაგრამ გ. II გარდაიცვალა, ლეონი და კვირიკე კი დაზავდნენ. კვირიკემ ცნო აფხაზთა მეფის სიუზერენობა. გ. II-ის გავლენა ვრცელდებოდა ტაო-კლარჯეთში და საქართველოს ფარგლებს გარეთაც. გ. II-ის ასული გურანდუხტი მეფეთამეფის გურგენის მეუღლე იყო; გ. II-ის აქტ. ხელშეწყობით X ს. II ნახევარში ალანთა ქვეყანაში ქრისტიანობა სახელმწ. რელიგიად გამოცხადდა. ნაყოფიერად მოღვაწეობდა იგი კულტ. სფეროშიც. ქართ. წყარო მას ეკლესიათა აღმშენებელს უწოდებს. გ. II-მ დააარსა ჭყონდიდის (მარტვილის) საეპისკოპოსო კათედრა.

წყარო : მატიანე ქართლისა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955.

ლიტ.: ლ ო რ თ ქ ი ფ ა ნ ი ძ ე მ., ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება (IX–X სს.), თბ., 1963; А н ч а б а д з е З. В., Из истории средневековой Абхазии (VI–ХVII вв.), Сух., 1959.

ზ . ანჩაბაძე