გიორგი XII

გიორგი XII უცნობი მხატვარი შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი თბილისი.

(10. X. 1746 – 28. XII. 1800), ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფე 1798–1800, ერეკლე II-ის ძე. ლიტ-რაში ზოგჯერ გიორგი XIII-ის სახელითაც იხსენიება. აღიზარდა სამეფო კარზე. XVIII ს. 60-იანი წლებიდან მონაწილეობდა სახელმწ. საქმეებში. 1765 მხარი არ დაუჭირა ერეკლე II-ის წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების მონაწილეთა მკაცრად დასჯას. ეს გამხდარა მამა- შვილის უთანხმოების საფუძველი. ამ უკმაყოფილებას კიდევ უფრო ამწვავებდა გ. XII-ის დედინაცვალი დარეჯან დედოფალი, რ-იც გ. XII-ს საკუთარ შვილებს უპირისპირებდა. როცა ერეკლე II-ის გარდაცვალების შემდეგ, 1798 იანვარში, გ. XII გამეფდა, იგი უკვე მძიმე ავადმყოფი იყო.

მისი მეფობის დროს ქართლ-კახეთში მეტად რთული საშინაო და საგარეო ვითარება შეიქმნა. გ. XII ზრუნავდა ირანელთა 1795 შემოსევის შედეგად დანგრეული თბილისის აღდგენაზე. მისი ბრძანებით აღწერეს მოსახლეობა და შემოიღეს ფულადი გადასახადი სამეფო სასახლის ასაგებად, მაგრამ შეკრებილი თანხა ეკლესიების კეთილმოწყობაზე დაიხარჯა. გ. XII ცდილობდა ერეკლეს დროინდელი მორიგე ჯარის აღდგენას, ებრძოდა ქვეყანაში შემოჭრილ ირან. წეს-ჩვეულებებს, ფიქრობდა ქართველთა და სომეხთა სარწმუნოებრივ ერთობაზე (სომხებში მართლმადიდებლური ქრისტიანობის დანერგვით), შეეცადა მოწინააღმდეგე ბატონიშვილთა პარტიის დამორჩილებას და შინაური მოღალატეების ალაგმვას, მაგრამ ვერ შეძლო. საგარეო პოლიტიკაში გ. XII რუსეთთან ურთიერთობის არჩეულ კურსს იცავდა. იგი მოითხოვდა 1783 გეორგიევსკის ტრაქტატის შესრულებას და საქართველოში რუს. ჯარის შემოყვანას, რ-ის დახმარებით ფიქრობდა საშინაო და საგარეო პოლიტ. სიძნელეებიდან თავის დაღწევას. მაგრამ რუს. ჯარის საქართველოში შემოსვლამ (1799 წ. 26 ნოემბ.) ვერ გამოაკეთა ქართლ-კახეთის შერყეული სახელმწიფოებრივი მდგომარეობა. ასეთ ვითარებაში გ. XII დათანხმდა შეეზღუდათ 1783 ტრაქტატით გათვალისწინებული მეფის უფლებანი, ოღონდ მისთვის და მისი შთამომავლებისათვის მეფობა შეენარჩუნებინათ. რუს. მთავრობა ხედავდა ქართლ-კახეთის სამეფოში შექმნილ კრიზ. მდგომარეობას და ამ სამეფოს სრული გაუქმებისათვის ხელსაყრელ მომენტს ელოდა. გ. XII-ის გარდაცვალების შემდეგ ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთმა შეიერთა.

ლიტ. : ი ო ს ე ლ ი ა ნ ი პ., ცხოვრება გიორგი მეცამეტისა, ტფ., 1936; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973; Д у б р о в и н Н., Георгий ХII, последний царь Грузии и присоединение ее к России, 2 изд., СПб., 1897; Д у м б а д з е М. К., Из истории борьбы грузинского народа против колониальной политики царизма, «საქ. სსრ მეცნ. აკადემიის საზ. მეცნ. განყ-ბის მოამბე», 1963, №5.

მ. დუმბაძე