ზღარბი, ჩვეულებრივი ზღარბი (Erinaceus europaeus), ძუძუმწოვარი, ზღარბისნაირთა (Eri naceomorpha) რიგისა, ზღარბისებრთა (Erinaceidae) ოჯახის წარმომადგენელი. გავრცელებულია ევროპაში, აზიასა (სამხრ.-აღმ. აზიის გარდა) და აფრიკაში. შეყვანილია ახალ ზელანდიაში. ცხოვრების ნირი მკაცრად ღამისა აქვს, სხეული – მკვრივი, კუდი – ძალიან მოკლე, ფართოდ განლაგებული ფეხები. ზურგი და, ნაწილობრივ, გვერდები დაფარულია ეკლებით; მათ შორის განლაგებულია წვრილი ძაფისმაგვარი ბეწვი. ეკლები წარმოადგენენ სახეშეცვლილ ბეწვს. ისინი არ ცვივა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ზ. იცვლის პირველად ეკლებს და უვითარდება მოზრდილი ზ-ის ეკლები. კანის ქვეშ განლაგებულია სიგრძივი და რგოლოვანი კუნთები, რ-თა შეკუმშვის შედეგად ზ. გორგლის ფორმას იღებს. მაკეობა გრძელდება 40–58 დღე, ბადებს 3–6 ნაშიერს (იბადებიან რბილი ეკლებით), სიცოცხლის ხანგრძლივობა – 2–8 წელი (შინაურ პირობებში – 16 წლამდე). ზ. იკვებება როგორც მცენარეული, ასევე ცხოველური საკვებით (ბაყაყები, გველები). საშუალოდ ზ. დღე-ღამეში 200 გ მწერს ჭამს.
ი. ელიავა