ზუბალაშვილები [იგივე ზუბაშვილები, ზუბიათი, ზუბალოვები, ხელობის მიხედვით – მესტამბისძენი, მესტამბისშვილები], სოვდაგართა, მეწარმეთა და ქველმოქმედთა ცნობილი გვარი. იხსენიებიან XVII ს. ოთხმოციანი წლებიდან. ცხოვრობდნენ სოფ. ხეთაში (გორის მაზრა), ახალციხეში (აწყური, ოცხისი), ასპინძაში (ხიზაბავრა), საჩხერეში, სიღნაღში, ქუთაისში, კახეთში, სამეგრელოში, გორში, თბილისში. წარმოშობით მესხები იყვნენ, შემდეგ კი ქართლში გადმოვიდნენ, თავდაპირველად მართლმადიდებელ სარწმუნოებას აღიარებდნენ. მოგვიანებით ამ საგვარეულოს ერთმა ნაწილმა კათოლიკობა მიიღო და თბილისში, სოლოლაკში (ახლანდ. ამაღლების ქუჩა) დასახლდა, 1780 დაარსებული კათოლიკური სასაფლაო კი თავიანთ საძვალედ აქციეს.
ზ. განთქმული მესტამბეები და მწიგნობრები იყვნენ. ვახტანგ VI-ის დროის მოღვაწე მღვდელი გიორგი, სარწმუნოებით მართლმადიდებელი, ქართ. სტამბის გახსნის მონაწილე იყო. შემდეგში ვახტანგს გაჰყვა რუსეთში. ერეკლე II-ის დროს მოღვაწეობდა მესტამბე რომანოზი, ერეკლეს გარდაცვალების შემდეგ იმერეთში გადასახლდა და იქ განაგრძო წიგნების ბეჭდვა (1811-მდე). რომანოზის საქმიანობა გააგრძელეს მისმა შვილებმა დავითმა და გიორგიმ. ზ-მა ადრიდანვე გაითქვეს სახელი ქველმოქმედებით. ივანემ 1775 თბილისში ააშენა ე. წ. „სამათხოვრო სახლი”, სადაც ღატაკებს შეეძლოთ ღამის გათევა. ამ საქმეს მან დიდი თანხა შესწირა. ფრანცისკემ ქართლის მრავალი გლეხი ბატონყმობიდან გამოისყიდა. 1802 იაკობმა გორის მაზრის სოფლების ღარიბ-ღატაკებს, რ-თაც გასაწევი ძალა არ გააჩნდათ, უყიდა ხარ-კამეჩები და ურმები. ზ. განსაკუთრებით დაწინაურდნენ ქვეყანაში კაპიტალიზმის განვითარებასთან ერთად. 1805 ივანე, ანდრია და მერაბ ზ-მა ავლაბარში პურის ორი მაღაზია გახსნეს. თბილ. გუბერნიის გლეხობას აქ მოჰქონდა ფქვილი, პური. ამით გლეხობამ მიიღო გასაღების მყარი ბაზარი, მეორე მხრივ კი ჩაება სასაქონლო-ფულად ურთიერთობაში, რაც იმდროინდელი ქართვ. გლეხკაცობისათვის რთული საქმე იყო. სტეფანე ზუბალაშვილი ფართომასშტაბიან ვაჭრობას ეწეოდა ჩრდ. კავკასიაში, თურქეთში, ირანსა და განსაკუთრებით ინდოეთში. XIX ს. 20-იან წლებში რუსეთთან ვაჭრობით დაწინაურდნენ დავითი, გრიგოლი, მიხეილი. განსაკუთრებით გამოიჩინა თავი დიდმა ვაჭარმა და ქველმოქმედმა იაკობ ივანეს ძე ზუბალაშვილმა (1792–1864). მას არყის სახდელები ჰქონდა ქუთაისსა და მის შემოგარენში. 1837 თბილისში დაარსდა ამიერკავკასიაში პირველი შაქრის ქარხანა, რ-ის მწარმოებლობამ 186 ათ. მან. მიაღწია და სადაც დასაქმებული იყო 300-მდე მუშა და ოსტატი. ქარხანამ 7–8 წელი იარსება და დაიხურა უმთავრესად რუსეთიდან შემოტანილი შაქრის კონკურენციისა და ადგილ. ნედლეულის უქონლობის გამო. იმავე წელს მან ააგო სასტუმრო (ახლანდ. საქართვ. ეროვნ. მუზეუმის შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნების მუზეუმი) და მალევე საჩუქრად გადასცა ქალაქს. ძალზე მნიშვნელოვანია ზ-ის ერთ-ერთი გამოჩენილი წარმომადგენლის კონსტანტინე იაკობის ძისა (1828–1901) და მისი შვილების – ლევანის (1853–1914), სტეფანეს (1860–1904), პეტრესა (1862–1903) და იაკობის (1876–1941) წვლილი ქვეყნისა და მისი დედაქალაქის კეთილდღეობისათვის ზრუნვაში. კონსტანტინემ კარგი განათლება მიიღო. თავდაპირველად სამხ. სამსახურში იყო, მონაწილეობდა დაღესტნის ბრძოლებში, შემდეგ თადარიგში გავიდა და კომერციას მიჰყო ხელი. კონსტანტინემ სპეციალისტებთან კონსულტაციების შემდეგ ბაქოში შეიძინა ადგილები, სადაც ნავთობის არსებობას ვარაუდობდა. მალე მისი შემოსავალი ბაქოს ყველაზე მსხვილ ნავთობმრეწველთა შემოსავალს გაუთანასწორდა. ზ-მა დიდი თანხა გაიღეს თბილ. სათავადაზნაურო სკოლის (თბილ. მომავალი უნ-ტი) მშენებლობისათვის. სტეფანემ მამის ნებართვით და მხარდაჭერით, კონსტანტინეს ხსოვნის უკვდავსაყოფად, ააგო სახალხო სახლი (ამჟამად კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწ. დრამ. თეატრი), მის გვერდით – მეორე შენობაც, სადაც ბ-კა და სამკითხველო გაიხსნა. 1908 ეს შენობები ზ-მა ქალაქს გადასცეს. ააგეს აგრეთვე თბილ. მუს. სკოლის შენობა (ახლანდ. ნიჭიერ ბავშვთა სამუსიკო გიმნაზია). სტეფანე და იაკობ ზ-მა დიდი ფული გაიღეს ამჟამინდელი კონსერვატორიის მშენებლობისათვის. მათ დახმარებისათვის მიმართავდა ყველა, ვინც კი გაჭირვებაში ვარდებოდა. როდესაც გაზ. „კვალის” რედაქციას გაუჭირდა, ზ-მა მას ყოველთვიური დახმარება დაუნიშნეს. ასეთივე დახმარებას ღებულობდა გაზ. „ივერია”, ჟურნ. „მოგზაური”. მათი სახსრებით გამოვიდა ოცზე მეტი სახელმძღვანელო. ქრისტიანობის დასამკვიდრებლად აჭარაში, ქ. ბათუმში ააგეს დიდი კათოლიკური ტაძარი. სტეფანე ზუბალაშვილის გარდაცვალების შემდეგ ეს საპატიო ტვირთი ითავა მისმა უმცროსმა ძმამ იაკობმა – მისი სახსრებით გამოდიოდა გაზ. „ვოზროჟდენიე”, მისივე თაოსნობით განახლდა „ივერია”, გამოვიდა ყოველთვიური საბავშვო ჟურნ. „ნაკადული”. იაკობის დანიშნული სტიპენდიებით სარგებლობდნენ ზ. ფალიაშვილი, მ. ჯავახიშვილი, კ. მარჯანიშვილი და სხვ.
ნიკოლოზ ზუბალაშვილმა XX ს. დასაწყისში მოხუცთათვის ააშენა „უპოვართა თავშესაფარი” (ახლანდ. ძმები ზუბალაშვილების ქუჩაზე მდებარე ბავშვთა პირველი მუნიციპალური საავადმყოფო), რ-ის მშენებლობისათვის საჭირო თანხა – 220 ათ. მან. – მანვე გაიღო. ქველმოქმედების მასშტაბის წარმოსადგენად საკმარისია გავიხსენოთ, რომ რევოლუციამდელ რუსეთში ერთი მანეთი 980 სინჯის 1 გ ოქროს ეკვივალენტი იყო. მამულისა და ხალხის მიმართ გაწეული დიდი ამაგის გამო თბილ. ერობამ პეტრე და სტეფანე (გარდაცვალების შემდეგ), ლევანი და იაკობი 1913 წ. 1 მაისს თბილ. საპატიო მოქალაქეებად აირჩია. დედაქალაქში არის ძმები ზუბალაშვილების სახელობის ქუჩა.
ლიტ.: გუგუშვილი პ., საქართველოსა და ამიერკავკასიის ეკონომიკური განვითარება XIX–XX სს., ტ. 5, თბ., 1962; ჭიჭინაძე ზ., მრეწველობის წარმომადგენნი და ისტორია ზუბალაშვილების გვარისა, ტფ., 1906; ხოშტარია ე., მრეწველობის განვითარება და მუშათა კლასის ჩამოყალიბება XIX საუკუნის საქართველოში, [ტ.] 1, თბ., 1966.
ლ. მიქელაძე
ე. ხოშტარია