გლდანის არქეოლოგიური ძეგლები, გლდანის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლებიდან უძველესია ხევძმარის სამაროვანზე გათხრილი შუა ბრინჯაოს ხანის დასასრ. (ძვ. წ. II ათასწლ. II მეოთხედი) რამდენიმე სამარხი. სამარხთა უმეტესი ნაწილი გვიანდ. ბრინჯაოს – ადრინდ. რკინის ხანისაა (ძვ. წ. II ათასწლ. II ნახ. – ძვ. წ. I ათასწლ. I ნახ.).
ამ სამაროვნის მახლობლად, გლდანის მასივის V მიკრორაიონის ტერიტორიაზეა ამავე ხანის ე. წ. „საბატონოს სამაროვანი". აღნიშნული სამაროვნების თანადროული 2 ნასახლარი მდებარეობს მდ. ხევძმარის მარჯვ. ნაპირზე, ერთი – მდინარის კალაპოტში, ხოლო მეორე – მის დასით, ხევის შედარებით მაღალ ნაპირზე. მდ. გლდანისხევის მარცხ. მაღალ ნაპირზე, სოფ. გლდანის სასაფლაოს ახლოს და ძვ. გლდანის ტერიტორიაზე, ადგილ „ნარსელასა" და „ისმაილაზე" აკრეფილია გვიანდ. ბრინჯაოს – ადრინდ. რკინის ხანის არქეოლ. მასალა.
სასაფლაოს მახლობლად არის გვიანდ. ანტ. ხანის სამაროვანიც. ადრინდ. ფეოდ. ხანის ნასახლარი სხვადასხვა დროს აგებული ორი ეკლესიითურთ გათხრილია ადგილ „საბატონეზე" (გლდანის მასივის IV და V მიკრორაიონებს შორის). ფეოდ. ხანის ნასახლარები მიკვლეულია „ისმაილას", „ნარსელასა" და ხევძმარის სამაროვნის ტერიტორიაზე. სოფ. გლდანის ტერიტორიაზე რიყიანში 1964 ჩატარებული მიწის სამუშაოების დროს დაინგრა ქვის სამარხები. აღმოჩენილია VI–VIII სს. ნივთები: ბრინჯაოს საყურეები, ბროწეულის ყვავილის მოყვანილობის მარჯნისთავიანი რკინის საკინძები, რკინის სამაჯურის ნატეხი და სხვ.; მასალა ინახება დუშეთის არქეოლ. ექსპედ. ბაზაზე.
რ. აბრამიშვილი
ბ. ჯორბენაძე